ახალი ამბები

თურქეთის პარლამენტში ერდოღანის პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო

8 ივნისი, 2015 • • 973
თურქეთის პარლამენტში ერდოღანის პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო

ამისათვის ერდოღანის პარტიას ხმების საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტი უნდა მიეღო, ახლა იმისათვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს, კოალიციის შექმნა მოუწევს საკანონმდებლო ორგანოში.

 

მემარცხენე “სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ (HDP), რომელსაც BBC პროქურთულ პოლიტიკურ ძალად მოიხსენიებს, ხმების 10 პროცენტი მიიღო და პირველად მოიპოვა საპარლამენტო მანდატები. პარტიის მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ქუჩებში მსვლელობებით აღნიშნეს:


“ჩვენ ვართ სახალხო დემოკრატიული პარტია და პარლამენტში მივდივართ”, – სკანდირებდნენ ისინი. BBC-ს ცნობით, HDP-ს ლიდერმა სელაჰატინ დემირტასმა ერდოღანის პოლიტიკურ ძალასთან კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა გამორიცხა.


BBC-ის ინფორმაციით, არჩევნების შედეგები ხელს შეუშლის პრეზიდენტ ერდოღანის გეგმებს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების გაძლიერების კუთხით, რადგან პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ აგროვებს. ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაკეთება სურს, ამისათვის კი 2/3 უმრავლესობაა საჭირო 550-ადგილიან პარლამენტში.


მემარცხენე-ცენტრისტულმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 25 პროცენტი მიიღო, მემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ კი – 16,5 პროცენტი.


“სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ბოლო 13 წლის მანძილზე პირველად ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი