ახალი ამბები

კახა კალაძე: ენერგეტიკის მიმართულებით წინა ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა ქონდა

11 მაისი, 2015 • 1606
კახა კალაძე: ენერგეტიკის მიმართულებით წინა ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა ქონდა

“როდესაც დავინიშნე ენერგეტიკის მინისტრად, მაშინვე განვაცხადე, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები იყო განხორციელებული და სწორი პოლიტიკა იყო ენერგეტიკის მიმართულებით განსაზღვრული წინა ხელისუფლების მხრიდან. მე ამაზე ღიად ვსაუბრობდი და ახლაც ვსაუბრობ,”– განაცხადა კალაძემ. 

 

 გარდა ამისა, კალაძემ იმაზეც ისაუბრა, რომ არ გამორიცხავს არც ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას და არც მთავრობის მიერ მიზნობრივ სუბსიდირებას.

 

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ენერგეტიკულ კომპანიებს. განსაკუთრებით კი  თბოელექტროსადგურებს, რომლებიც ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ, რაც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის, ანგარიშსწორება კი დოლარში ხდება.

 

“ზოგადად შემიძლიათ გითხრათ, რომ მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება იყოს მოსალოდნელი ის, რომ ელექტროენერგიაზე მოხდეს მატება, იყოს ამის გარდაუვალობა, თუმცა მე აღვნიშნავ იმას, რომ ამაზე იმსჯელებს მთავრობა, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება. ამაზე უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიმსჯელოთ და შესაძლებელია, ამ მიმართულებით გარკვეული მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს,”– აცხადებს კალაძე.

 

მისი განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ის, რომ მარეგულირებელ კომისიაში განაცხადია შეტანილი და ტარიფის გადათვლა მიმდინარეობს, ეს არის ნორმალური პროცესი. მინისტრი ამბობს, რომ ტარიფთან დაკავშირებით ვითარება ცნობილი სექტემბრის 10 რიცხვისთვის გახდება.

 

ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირების თაობაზე კომისიას სულ 4–მა კომპანიამ მიმართა. “ენერგო პრო ჯორგიასა” და “ჯიფაუერის” გარდა, ესენია  „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ და „მტკვარი ენერგეტიკა“. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი