ახალი ამბები

TI: 8 მოქმედი გუბერნატორიდან 2 ქართუ ბანკის, ერთი კი ფონდ ქართუს ყოფილი თანამშრომელია

6 მაისი, 2015 • • 1281
TI: 8 მოქმედი გუბერნატორიდან 2 ქართუ ბანკის, ერთი კი ფონდ ქართუს ყოფილი თანამშრომელია

“რვა მოქმედი გუბერნატორიდან ორი „ქართუ“ ბანკის, ერთი კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელია. ასევე, საინტერესოა, რომ ორი გუბერნატორი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ თანამდებობებზე, ან ეს მათი ერთადერთი სამსახური იყო. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიერმინისტრთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ მათი თანამდებობაზე დანიშვნისას გარკვეული როლი ითამაშა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში: ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ გუბერნატორები.


კვლევის მიხედვით, გასულ წლებში ქართუ ბანკსა და ფონდში ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი მუშაობდნენ.


“გუბერნატორების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად, ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ ორი გუბერნატორის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილ შევსებას და ერთის შემთხვევაში- სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩართულობას: ქვემო ქართლის და იმერეთის გუბერნატორებმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსეს, დამალეს რა საკუთარი და/ან ოჯახის წევრის ბიზნესწილები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს; იმერეთის გუბერნატორი ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რაც წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაღვევას”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში და აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა, ქართული კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურ მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება.

 

“ჩვენ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და სამართლებრივი ხვრელის გამოსწორების მიზნით საკანონმდებლო წინადადებაც შევიმუშავეთ, რომელსაც, იმედი გვაქვს, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი