ახალი ამბები

6 წლამდე ასაკის ბავშვთა სკოლაში შესვლის საკითხი ჯერ ღიად რჩება

28 აპრილი, 2015 • • 1595
6 წლამდე ასაკის ბავშვთა სკოლაში შესვლის საკითხი ჯერ ღიად რჩება

“ერთი შვილი სკოლაში 6 წლის შევიყვანე, რადგან შევატყვე, ბავშვს არ შეეძლო სწავლა, არ იყო მოტივირებული. მეორე შვილი ამ წლის დეკემბერში ხდება 6 წლის. კერძო სკოლის მოსამზადებელს ამთავრებს ახლა. სწავლაზეა ორიენტირებული. ორი უცხო ენა იცის, დათვლა 100-ის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ წელს არ დაუშვებენ 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შეყვანას, სახლში უნდა იჯდეს ერთი წელი”, – ამბობს მშობელი მაკა ტყაბლაშვილი, რომელიც განათლების სამინისტროსთან გამართულ დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა. 


მშობელთა ნაწილმა დღეს, 28 აპრილს განათლების სამინისტროსთან აქცია ჩაატარა, საიდანაც დეპუტატებს მოუწოდა, ხვალინდელ სხდომაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. 

 

მაკა ტყაბლაშვილის მსგავსად, მიმდინარე წელსვე შვილების სკოლაში შეყვანას განათლების სამინისტროსთან კიდევ 30-მდე მშობელი ითხოვდა. 

 

თითქმის ყველა მათგანი მედიასთან საუბარში ამბობდა, რომ მისი შვილი ამ ეტაპზე უკვე გადის სკოლისთვის მოსამზადებელ კურსს და თუკი მიმდინარე წელსვე ვერ შეიყვანენ სკოლაში, ერთი წლის განმავლობაში სახლში ყოფნა მოუწევთ. 

 

“ჩემი შვილი 7 ოქტომბერს არის დაბადებული, შევიყვანე მოსამზადებელ კლასში. თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოსწავლეა. ახლა წარმოიდგინეთ, მისი მეგობრები გადადიან სკოლაში და ჩემი შვილი ვერა”, – ამბობს მშობელი.

 

აქციაზე მისულ მშობელთა დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ როდესაც შვილები კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში შეიყვანეს, მათთვის არავის უცნობებია, რომ ასაკის გამო სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდათ. 

 

“რატომ არ გვითხრეს მშობლებს წინასწარ, რატომ არ გაგვფრთხილეს და რატომ მიიღეს კერძო სკოლებმა მოსამზადებლში, მით უმეტეს, ბევრი გადავიხადეთ”.  

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი შესაბამის კანონს იღებდა სკოლის ასაკთან დაკავშირებით, ფართოდ შუქდებოდა ეს საკითხი და რატომ აღმოჩნდა მათთვის ეს ამბავი სიახლე, გაუგებარია. 

 

“იმ კანონის შესახებ, რომელიც მაშინ მიიღო პარლამენტმა, ფართოდ იყო საზოგადოება ინფორმირებული. ცხარე კამათიც იმართებოდა ამაზე. ზოგადად, ყოველთვის იქნება ბავშვი, ვისაც სკოლაში შესვლამდე დააკლდება ერთი დღე. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ 6 წლამდე ასაკში ბავშვს არ აქვს არც ფიზიოლოგიური  და არც ფსიქოლოგიური მზაობა”, – აცხადებს გიორგი შარვაშიძე, განათლების მინისტრის მოადგილე. 

 

“ერთი წლის წინ ყველა დეპუტატმა ხმა მისცა ამ ინიციატივას, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. ერთადერთი სერგო რატიანი იყო, რომელიც ამბობდა, რომ უნდა ვიფიქროთ წინასასკოლო სისტემის მზაობაზე. ჩვენ ამ პროექტზე ვიმუშავეთ უკვე და მომდევნო წლიდან ვიწყებთ”, – განუცხადა განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მედიის წარმომადგენლებს.  

 

განათლების სამინისტროს სასკოლო მზაობის პროექტი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. პროექტი 5 -დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ყოველდღე, 3 საათის განმავლობაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს სპეციალური მომზადების მქონე სპეციალისტები სპეციალური პროგრამით მოამზადებენ. პროექტი პირველ წელს სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. 

 

დღევანდელი აქციის მონაწილე მშობლები აცხადებენ, რომ სასკოლო მზაობის პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, რადგან ეს მათი შვილებისთვის დროის კარგვა იქნება – “ისინი უკვე მზად არიან სკოლისთვის”, – აცხადებენ მშობლები.  


პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, “სწავლის დაწყების უფლება აქვთ პირებს, თუ მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით ხდებიან ექვსი წლის.” 


” საუბარია, 1, 2, 3, 10, 20 დღეზე. მაგალითად, თუ სექტემბრის 20- ში ხდება ბავშვი 6 წლის, უნდა დარჩეს სკოლის მიღმა”?- კითხულობს კანონპროექტის ინიციატორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, კობა სუბელიანი, რომელიც ასევე იმყოფებოდა დღევანდელ აქციაზე განათლების სამინისტროსთან. მისი თქმით, მის საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა მშობლების მიმართვა.

 

6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანას ეწინააღმდეგება განათლების სამინისტრო, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და ფსიქოლოგების ნაწილი. 


კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით ხვალ, 29 აპრილს განიხილავს.


პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლებში უკვე დაწყებულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი