საზოგადოება

რა ინიციატივები აქვთ ახალგაზრდულ საბჭოებს საქართველოს 5 ქალაქის იერსახის შესაცვლელად

24 აპრილი, 2015 • 1361
რა ინიციატივები აქვთ ახალგაზრდულ საბჭოებს საქართველოს 5 ქალაქის იერსახის შესაცვლელად

პროექტი საქართველოს 5 ქალაქში- გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში განხორციელდა. როგორც სამოქალაქო გავითარების ინსტიტუტის ხელძღვანელმა, ია ანთაძემ განაცხადა, აქედან ახალგაზრდული საბჭო, როგორც მერის სათათბირო ორგანო, 4 ქალაქში დაფუძნდა და ელოდებიან, რომ ქუთაისის მერიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

თითოეულ ახალგაზრდულ საბჭოში 10 წევრია, ისინი სტუდენტები არიან და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა კონკურსის საფუძველზე შეარჩია. 

 

ია ანთაძე ამბობს, რომ პროექტები ახალგაზრდებმა თავად შეარჩიეს. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა კი მათთან ქალაქში არსებული პრობლემების პრიორიტეტიზაციასა და რეალისტურობის მიხედვით შეფასებაზე იმუშავა. 

 

”საბოლოოდ მივიღეთ შედეგი, რომ აბსოლუტურად ყველა მერი თანახმაა, გააკეთოს ის, რასაც ახალგაზრდები სთავაზობენ,”- განაცხადა მან.

 

ამ პროექტების პრეზენტაცია დღეს, 24 აპრილს თბილისში გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

ხუთივე ქალაქში შექმნილი ჯგუფების წევრებმა პრეზენტაციაზე თავიანთ ინიციატივებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს:

 

ქუთაისი

 

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი სოფიო ორმოცაძე ამბობს, რომ მათ ქუთაისში ღია ბიბლიოთეკების მოწყობა სურთ. მისი განმარტებით, ღია ბიბილოთეკაში ქალაქის მცხოვრებლებს შეეძლებათ, წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით უფასოდ ისარგებლონ და შემდეგ უკან დააბრუნონ. ასევე, მსურველებს შეეძლებათ, ღია ბიბლიოთეკაში წიგნები დატოვონ და სხვა მოქალაქეებსაც მისცენ საშუალება, ამ რესურსით ისარგებლონ. სოფიო ორმოცაძე ამბობს, რომ ასეთი ბიბლიოთეკები ქუთაისის ხუთივე პარკში მოეწყობა, მასთან ერთად განთავსდება ვიდეოთვალიც. გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფს აქვს ქალაქში უფასო WiFi-ს ზონების მოწყობის ინიციატივაც.

 

ზუგდიდი

 

ზუგდიდში ახალგაზრდული საბჭო ქალაქის ცენტრალურ ადგილას საინფორმაციო სტენდის მოწყობას გეგმავს.  ამ საბჭოს წევრი ირაკლი ჯიქია ”ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ქალაქის მოსახლეობა შეძლებს, ამ სტენდზე საკუთარი განცხადებები განათავსოს.

 

”ორ ნაწილად ხდება, ეს არის სტენდი + ყუთი, ანუ მოსახლეობა იგივე ყიდვ-გაყიდვის შესახებ განცხადებებს, რომლებსაც ხეებზე აკრავენ, არ გააკრავს ხეებზე და გააკრავს სტენდზე. მეორე ნაწილია პრობლემები, რაც მათ აწუხებთ,”- ამბობს ის.


ირაკლი ჯიქია განმარტავს, რომ ამ პრობლემებს ახალგაზრდული საბჭო შეისწავლის და შემდგომში მერი მოახდენს იმ საკითხებზე რეაგირებას, რაც მის კომპეტენციაში შედის.


ახალციხე

 

ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივა უფასო ქალაქში უფასო WiFi ზონის მოწყობას ითვალისწინებს. საბჭოს წევრი თინათინ ინასარიძე ამბობს, რომ ეს პროექტი უკვე განხორციელდა და დღეიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, ახალციხის ცენტრალურ პარკში ამ სერვისით ისარგებლონ. ინტერნეტით სარგებლობა ერთდროულად 200 ადამიანს შეეძლება.

 

”გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ონლაინ-გამოკითხვა. 149-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აქედან უმრავლესობამ დაუჭირა მხარი იმას, რომ ყოფილიყო უფასო WiFi,” – განაცხადა მან.

 

თინათინ ინასარიძემ ”ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ახალგაზრდული საბჭოს მორიგი ინიციატივა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებას შეეხება.

თელავი

 

თელავის ახალგაზრდული საბჭოს პროექტი საჯარო სივრცეების შემოქმედებითად დატვირთვას ითვალისწინებს. კერძოდ, როგორც საბჭოს წევრი, ეთი შოშიაშვილი განმარტავს, ეს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ელენე ახვლედიანის ნახატების ბანერების განთავსებას გულისხმობს. თელავში 10 ასეთი ნახატი განთავსდება. მისი განცხადებით, ელენე ახვლედიანის შემოქმედებაზე არჩევანი იმიტომ შეაჩერეს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ფერმწერის და გრაფიკოსის შესახებ, რომელიც წარმოშობით თელავიდან იყო.

 

”ისეთი ადგილები შევარჩიეთ, სადაც უფრო მეტი დამთვალიერებელი, ტურისტი ხვდება და ხშირად უწევთ ადამიანებს სიარული,”- ამბობს ის.

ასევე, ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივაა, რომ სააკაძის ქუჩაზე მდებარე ბეტონის კედელი მოხატონ, ან ვერტიკალურ ბაღი გააკეთონ. ასევე, სურთ ყადორის ბაღის რეაბილიტაცია. ეთი შოშიაშვილი ამბობს, რომ ახლა ეს ორი პროექტი დამუშავების პროცესშია.

გორი

 

ახალგაზრდული საბჭოს წევრი, ანა კლდიაშვილი ამბობს, რომ გორში ახალგაზრდებმა 3 ძირითადი პრობლემა გამოყვეს: არარსებული WiFi ზონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც აშენებულია, თუმცა არ ფუნქციონირებს.

როგორც მან ”ნეტგაზეთს” უთხრა, გორში საღამოს 6 საათის შემდეგ ტრანსპორტი მიმოსვლას წყვეტს. საბჭოს წევრებმა ამ საკითხზე გამოკითხვა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს სურს, ტრანსპორტმა გორში მუშაობა 22:00-ზე დაასრულოს.

ანა კლდიაშვილის განმარტებით, პირველ რიგში, ახალბაღის ტერიტორიაზე WiFi ზონა გაკეთდება. დანარჩენი პროექტები კი დამუშავების პროცესშია.

 

 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის ’მერიის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული სბჭოს დაფუძნება’ შედეგების პრეზენტაცია 24.04.2015
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის ’მერიის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული სბჭოს დაფუძნება’ შედეგების პრეზენტაცია 24.04.2015


 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ცნობით, პროექტი ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი