ახალი ამბები

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი დაზიანებული ფრესკების საკითხს ეხმაურება

30 მარტი, 2015 • 4091
ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი დაზიანებული ფრესკების საკითხს ეხმაურება

„არ არის ფრესკები კარგ მდგომარეობაში. ჩვენ არ გვინდა, რომ ის წაიშალოს. არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ახლა ყველაფერი ბუნებრივად უნდა წაიშალოს, რომ მერე ახალი მხატვრობა შეასრულონ. მე ვფიქრობ, რომ იმ ფრესკებს, რომლებიც ტაძარშია, ჭირდება რესტავრაცია. არ უნდა დაიკარგოს ის სახე, რაც ჰქონდა ეკლესიას. ერთ-ერთი ძვირფასი ძეგლი, რაც  არის ეს ეკლესია, უნდა შენარჩუნდეს.

 

ფრესკებზე გამოხატული არის იესო ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა მომენტები. თუ რესტავრაცია გაკეთდება, უნდა შენარჩუნდეს ის, რაც იყო,“ – ამბობს პადრე გაბრიელე ბრაგანტინი.

 

პადრე გაბრიელე ბრაგანტინი

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, მიმართა თუ არ კათოლიკურმა ეკლესიამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ან საქართველოს საპატრიარქოს, პადრე გაბრიელი პასუხობს რომ არა.

 

„არ მიგვიმართავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ საკითხზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. ჩვენ ვფიქრობდით რადგანაც უკვე მიდის მართლმადიდებლური მსახურება ამ ეკლესიაში, ამასთან არის მნიშვნელოვანი ძეგლი  ბათუმში, თვითონ უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ მასზე.  ჩვენი ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო ჩამოსული ერთი თვის წინ, შევიდა დაათვალიერა ეკლესია და თქვა, მე დავწერ წერილს რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცესო. მე მგონი ყველამ იცის, რომ როგორც არსებობდა და არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე არსებობს კათოლიკური ეკლესია საქართველოში. კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა დიდი ისტორია, დიდი მნიშვნელობა. კათოლიკურ ეკლესიას ნელ-ნელა ეკარგება თავისი რეალური შანსი, არსებობდეს საქართველოში. ეს იქნება ძალიან ცუდი, იქნება ძალიან არასასიამოვნო მომენტი, მთელი ქართული ისტორიისათვის. ფაქტი არის რომ კათოლიკური კვალი საქართველოში იკარგება და ყურადღება არ არის. სახელმწიფო სტრუქტურებიდან ყურადღება არის, მაგრამ არა ისეთი რაც უნდა იყოს“.

 

 

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი 1897-1902 წლებში აიგო. ტაძრის აგება ბათუმელი კათოლიკე მრევლის მიერ შეგროვებული თანხით და მეცენატ სტეფანე ზუბალაშვილის მეშვეობით მოხდა. სამი გუმბათითა და ჩუქურთმებით შემკული გოტიკური სტილის ეკლესია  1903 წელს ეპისკოპოსმა როპმა აკურთხა.  საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა, მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორიაც იყო განთავსებული. რესტავრაცია, რომლის დროსაც კედლების მოხატულობა პირვანდელი სახით აღდგა, ტაძარში 80-იანი  წლების ბოლოს ჩატარდა.  მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული კათოლიკური ეკლესია 1989 წლიდან მართლმადიდებელი მრევლის საკუთრებაშია და მას საქართველოს საპატრიარქო მართავს.

 

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი

 

საკათედროს ტაძრის წინ განთავსებული იყო საინფორმაციო დაფა, რომელზეც ტაძრის შესახებ მცირე ინფორმაცია იყო დატანილი. ამჟამად აბრა აღებულია. ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პადრე გაბრიელე ბრაგანტინი ამბობს რომ აუცილებელია საინფორმაციო დაფა ტაძართან განთავსდეს.


„ჩემი აზრით, კარგი იყო სანფორმაციო დაფა. მართალია, სრული ინფორმაცია არა, მაგრამ მცირე ინფორმაცია იყო და ამასთან, მნიშვნელოვანი. ტურისტებისთვის ან ქალაქისთვის, ჩემი აზრით, მაინც უნდა იყოს საინფორმაციო  დაფა განთავსებული, ვინაიდან ტაძარი ძეგლია. იმ დაფაზე უნდა იყოს მინიშნებული, რომ ეკლესია აშენებულია ზუბალაშვილების მიერ. არ უნდა რცხვენოდეთ იმის დაწერა, რომ ისინი კათოლიკეები იყვნენ. რომ ეს ეკლესია აშენდა როგორც კათოლიკური და რამოდენიმე წელი იქ კათოლიკური ეკლესია ფუნქციონირებდა. დღეს რომ იქ მართლმადიდებლები არიან, ეს არის ერთ-ერთი ფურცელი ამ ეკლესიის ისტორიის. ეს კარგია თუ ცუდი, ამას მომავალი გვეტყვის“.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი