ეკონომიკა

ბაჩიაშვილი: 35 ჰექტარი მიწა 10 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა

25 მარტი, 2015 • • 1931
ბაჩიაშვილი: 35 ჰექტარი მიწა 10 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა
ბაჩიაშვილმა სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ მიწა გადაეცა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს და არა მის მმართველ კომპანიას, რომლის თანამფლობელებიც თავად ბაჩიაშვილი და უჩა მამაცაშვილი არიან. 
 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა  განცხადება, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მთავრობამ თავისი წევრებისთვის გამოიყენა. 

 

ენმ-ში აცხადებენ, რომ 2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას“, რომლის მფლობელ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილი ფლობენ. 

 

გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანახჩში თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა აშენდა.


პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და სასათბურე მეურნეობის განვითარებაში წამყვანი ფრანგული კომპანია რიშელ ჯგუფის (RICHEL GROUP) ერთობლივი ინვესტირების შედეგად განხორციელდა. 


4.4 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ამ დროისთვის დასაქმებულია 108 ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობაში ქართველ აგრონომებთან ერთად ფრანგი და უკრაინელი მაღალი კლასის აგროინჟინრები, ბიოლოგები და ტექნოლოგები მუშაობენ. უახლესი ტიპის თანამედროვე დანადგარები და სათესლე კულტურები საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან არის შემოტანილი.
 
 
“ამ ადგილას 6 თვის წინ იყო 35 ჰექტარი ხრიოკი მიწა, დღეს კი თავად ხედავთ იმას, რაც აშენებულია. მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ამ მეურნეობის მოცულობა გასამმაგდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი. გარწმუნებთ, რომ აქ, ქართულ მიწაზე წარმოებულ პროდუქციას ვერანაირი იმპორტი ვერ გაუწევს კონკურენციას”. – აღნიშნა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

2014 წლის 26 აგვისტოს, პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 10 მილიონლარიანი საინვესტიციო ვალდებულებით, 35 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა. ფონდმა ვალდებულება გადაჭარბებით, დადგენილ ვადებზე ადრე შეასრულა. 

 
სასათბურე მეურნეობის მშენებლობა 2014 წლის 19 სექტემბერს დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას და მშენებლობის ოფიციალურ გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. 
მშენებლობის დაწყებიდან მხოლოდ 6 თვეში აშენდა 44 ათასი კვადრატული მეტრი სასათბურე მეურნეობა, განხორციელდა 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, რაც დაკისრებულ საინვესტიციო ვალდებულებას აღემატება. ამით მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა.
 
,,ეს არის ყველაზე მაღალი სათბური, რიგით მეორე კონსტრუქცია კავკასიის რეგიონში, რომელიც კომპანია ,,რიშელ ჯგუფმა“ კონკრეტულად საქართველოსთვის ააშენა. მისი თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ რაც უფრო მაღალია სათბური, მით უფრო მარტივია კლიმატისა და ტენიანობის კონტროლი, რაც მცენარის გაზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ენერგოეფექტური, ენერგოდამზოგი, ავტომატიზირებული სათბური”-,განაცხადა სს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კოლესნიკოვმა. 
 
2015 წლის აპრილის ბოლოს იწყება პროექტის მეორე ფაზა, რომელიც სექტემბერში დასრულდება. პროექტი დამატებით 85 ათასი კვადრატული მეტრის სასათბურე მეურნეობის მშენებლობას და დამატებით 20 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს.

პროექტის სრულად განხორციელების შედეგად ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ დოლარს გაუტოლდება.

 
 
“საქართველოს სათბურის კორპორაციაში“ ვარაუდობენ, რომ პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში 900 ტონა ბოსტნეული კულტურების მოყვანა იქნება შესაძლებელი, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ეს მაჩვენებლი 4,000 ტონას გადააჭარბებს. პროდუქცია თავდაპირველად ქართულ ბაზარზს მიეწოდება, ხოლო შემდგომ ეტაპზე ექსპორტზე გავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი