ეკონომიკა

თბილისის ცენტრალურ ნაწილში ჰიბრიდული ავტობუსები იმოძრავებს

10 მარტი, 2015 • 1276
თბილისის ცენტრალურ ნაწილში ჰიბრიდული ავტობუსები იმოძრავებს

საგრანტო შეთანხმების ნოტებს  და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.

ღონისძიებას დაესწრნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი.

აღნიშნული გრანტის ნაწილით იგეგმება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა. კერძოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშრუტებზე სამოძრაოდ დაინიშნება ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები.

„მწვანე ტრანსპორტის“ პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით იგეგმება ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა, რომლებიც გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

იაპონიის მთავრობის მიერ არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 1997-2014 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნა 4,2 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი