საზოგადოება

რატომ არ უნდა ვკითხოთ ადამიანებს წონის შესახებ

27 თებერვალი, 2015 • • 2697
რატომ არ უნდა ვკითხოთ ადამიანებს წონის შესახებ

რატომ დასვა ეს კითხვები ეკა ხოფერიამ?  ამ შეკითხვებით გაამყარა თუ არა სტერეოტიპები,  რომლებიც სიმსუქნის მიმართ საზოგადოებაში არსებობს?

 

ფსიქოლოგი ტატო ნოზაძე ამბობს, რომ წამყვანის მიერ ამ კონტექსტში დასმული შეკითხვები ჭარბი წონის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმას ზრდის:

 

“სტიგმა რა არის? ესაა ერთი ნიშანი, დავუშვათ, პრობლემური და ის ზოგადდება მთლიანად პიროვნებაზე. რახან ჭარბი წონა აქვს, დავუშვათ, არ შეუძლია მანქანის მართვა, ან ვერ ეყოლება შეყვარებული, ცრურწმენებია ეს”.

 

სიმსუქნის მკვლევარები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გარდა გამოყოფენ სოციალურ რისკებსაც, რომელსაც განსაკუთრებით ჭარბწონიანი ბავშვები ან თინეიჯერები შეიძლება წააწყდნენ. ესპანეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მიიჩნევს, რომ ჭარბი წონა სოციალურ და ფსიქოლოგიურ რისკებსაც წარმოშობს – მაგალითად, დაბალ თვითშეფასებას და დისკრიმინაციას.

 

ფსიქოლოგი თამარ ხუბულავა ამბობს, რომ შესაძლოა ჭარბმა წონამ ადამიანის თვითშეფასებაზე მართლაც იმოქმედოს, როცა იგი თავის თავში დარწმუნებული არ არის, ეს მის ქცევაში სხვადასხვაგვარად გამოიხატება, შესაძლოა გაურბოდეს სოციალურ კონტაქტებს და სხვა, თუმცა ეს არ არის საკმარისი დავასკვნათ, რომ  ჭარბი წონის მქონე ადამიანებს პირადი ცხოვრება არ აქვთ ან სოციალურ აქტივობებს მოკლებულნი არიან:

 

“ეს არ არის მთლად საფუძველს მოკლებული, მაგრამ, რასაკვირველია, ცალსახად იმის თქმა, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ჭარბი წონა, აქვს პირადი ცხოვრების პრობლემა. შეუძლებელია იმიტომ, რომ თვითშეფასებაზე წონის გარდა სხვა ფაქტორები მოქმედებს. ძირითადად ეს არის აღზრდა, რა ფასეულობები აქვს ამ ადამიანს, რა არის მისთვის პრიორიტეტი”,- ამბობს ხუბულავა.

 

ეკა ხოფერიას გადაცემას სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მეშვეობით არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკუთარი რესპონდეტის დასახმარებლად გააკეთა, ასევე მიანიშნა იმაზეც, რომ შეკითხვების შესახებ სტუმარს გადაცემამდე ესაუბრა:

 

“პირველი მცდელობაა, ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას. მეც ვესუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ”, – წერს ხოფერია.

 

თამარ ხუბულავა ამბობს, რომ მედიას და კონკრეტულ ჟურნალისტს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ. რესპონდენტისგან ნებართვის შემთხვევაშიც კი კითხვის დასმა მაინც საფრთხილოა, რადგან ამ წარმოდგენების სხვა ადამიანებზე განზოგადებაც ხდება:

 

“სტიგმატიზება ხდება საზოგადოების სხვა წევრების და მათზე იარლიყის მიწებება. რახან ჭარბწონიანია ადამიანი, მას აქვს ეს და ეს ჩამონათვალი პრობლემებისა. აქვს კი არა, უნდა ჰქონდეს.  ამიტომ მიუღებელია ამ შეკითხვების დასმა, თუნდაც საკუთარი ნებართვით გაძლევდეთ პასუხს, მაინც ძალიან საფრთხილოა, რადგან ამ შემთხვევაში ხდება არა მარტო ამ ადამიანზე, არამედ სხვა წევრებზე იმავეს გავრცელება”.

რატომ დასვა ეკა ხოფერიამ მსგავსი შეკითხვები?

 

სიმსუქნის მიმართ სხვადასხვა სტერეოტიპი არსებობს. კატ პოზი, რომელიც მასეის უნივერსიტეტში მუშაობს და სიმსუქნეს უკვე წლებია იკვლევს, ამბობს, რომ ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ ჭარბწონიანი ადამიანი ზარმაცია, პასიური,  ასექსუალური, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, წარუმატებელი  და უბედური.

 

თამარ ხუბულავას თქმითაც, ასევე ფესვგადგმულია სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად ადამიანი კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამ შემთხვევაში გარეგნულ მონაცემებს, მათ შორის წონას დიდი ადგილი უკავია.

 

“იმის გამო, რომ არსებობს სტანდარტები, რომ ლამაზი ადამიანი არის გამხდარი და რაც უფრო გამხდარია, მით უკეთესია. სიგამხდრე არის უფრო მეტად დაფასებული არა მხოლოდ ტელევიზიებისგან, ოჯახის წევრებისგანაც და ძალიან წახალისებულია. ამის შედეგად ადამიანები სხვადასხვა პრობლემებით იტანჯებიან, მაგალითად, შიმშილობით”.

 

მე-19 საუკუნის ბარათი, რომელზეც გამოსახულია ჯოზეფ კოლტმენი, იგი ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანი იყო ინგლისში 185 წლის წინ. © epa. 29.06.2005
მე-19 საუკუნის ბარათი, რომელზეც გამოსახულია ჯოზეფ კოლტმენი, იგი ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანი იყო ინგლისში 185 წლის წინ. © epa. 29.06.2005

 

“ნეტგაზეთი” ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, რომელსაც ჭარბი წონა აქვს, ყველა მათგანი ამბობს, რომ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას აწყდებიან კაფეებში, ტანსაცმლის მაღაზიებში და ამბობენ იმასაც, რომ საკუთარ თავზე თავადვე ხუმრობენ და უხერულობას ამგვარად უმკლავდებიან. თუმცა ხაზგასმით აცხადებენ, რომ ის წარმოდგენები, რომლის გამოც ეკა ხოფერიამ მსგავსი შეკითხვები დასვა, უკიდურესად გადამეტებულია:

 

“ნამდვილად გადამეტებული, მე ვიტყოდი, შეურაცხმყოფელია. სიმსუქნე არის ჩვეულებრივი დაავადება და არა რამე ადამიანური ნაკლი, თვისება. რატომ უნდა გაჩნდეს საერთოდ მსგავსი კითხვები? რატომ უნდა უშლიდეს გართობას და მეგობრობას ხელს სიმსუქნე? ან სექსს? ჩემი აზრით, ის აჰყვა სტერეოტიპებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რეიტინგიც. სექსზე საუბარი ნებისმიერ ფორმით, სატელევიზიო ეთერში რეიტინგის მოპოვების ყველაზე იოლი ფორმაა, რომელსაც არც დიდი შრომა სჭირდება და არც დიდი კრეატივი. ხოფერიამ მიიღო ის, რაც უნდოდა – სკანდალი” – ამბობს 26 წლის გიორგი [სახელი შეცვლილია].

 

“ვერთობი კიდევაც, მეგობრებიც მყავს, ერთადერთი სასმელი მჭირდება, რომ კომპლექსები დავამარცხო და ვიცეკვო, მაგრამ ეკა ხოფერიას წარმოდგენა არა მხოლოდ გადამეტებული, ზღვარგადასულია. ჩემი აზრით, ეს არა გიორგის დასახმარებლად, არამედ საკუთარი რეიტინგისთვის გააკეთა”, – ამბობს “ნეტგაზეთის” კიდევ ერთი რესპონდენტი, 24 წლის ნათია [სახელი შეცვლილია].

 

რატომ მიუთითებენ ადამიანები წონაზე?

 

გიორგი, რომელიც 26 წლისაა და 135 კილოგრამს იწონის, უკვე წლებია მძიმე წონის გამო მითითებებს, შენიშვნებს და წახალისებებს ისმენს. თავად თვლის, რომ ადამიანები, თუნდაც ოჯახის წევრები დაკლებისკენ იმიტომ მოუწოდებენ, რომ სიმსუქნე მათ არაესთეტიკურად მიაჩნიათ და არა ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული რისკების გამო, როგორიცაა გულსისძარღვთა სისტემის მუშაობის გაუარესება, ან შაქრიანი დიაბეტი:

 

“მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სილამაზის მათი აღქმისგან გამომდინარეობს. მამაჩემი, რომელიც მუდამ აგრესიული ფორმებით ებრძოდა ჩემს სიმსუქნეს, ყოველთვის გარეგნობას უსვამდა ხაზს. ასე იყვნენ სხვებიც. არ მახსოვს, რომ ოდესმე ვინმეს ეთქვას, ჯანმრთელობის კუთხით რა პრობლემას მიქმნის ზედმეტი წონა. დედა იყო ერთადერთი, რომელიც მშვიდად, წყნარად მეუბნებოდა, თუ რა რისკები არსებობს ზედმეტი წონის გამო, მათ შორის დიაბეტი, გულის დაავადებები და ა.შ. სხვათა შორის, მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება უფრო ეფექტური აღმოჩნდა ჩემთვის და თავის დროზე წონაში დაკლება სწორედ ამის გამო გადავწყვიტე და არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოვწონდი ვიზუალურად და ამის გამო დისკომფორტი მქონდა”,- ამბობს ის.

 

ფსიქოლოგი თამარ ხუბულავა მიიჩნევს, რომ გარშემომყოფებმა, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინონ ადამიანის გადაწყვეტილება, ჰქონდეს თუ არა ესა თუ ის გარეგნობა:

 

“წინაღმდეგ შემთხვევაში იგივე გამხნევება და მოტივაციის ამაღლება არის მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა, ის ამით ხედავს, რომ გარშემმომყოფებს ან არ ესიმპათიურებათ, ან ჰგონიათ, რომ ავად არის, მას აქვს განცდა, რომ მისდამი არის დამოკიდებულება როგორც არაჯანსაღის, ან ულამაზოს მიმართ და უნდა შეესაბამებოდეს იმ მოლოდინებს, რასაც მისგან ელიან”, – ამბობს ხუბულავა.

 

იმავეს ამბობს ფსიქოლოგი ტატო ნოზაძეც. მისი თქმით, მთავარია, ადამიანს მოვუსმინოთ და მისგან გავიგოთ, ჭირდება თუ არა დახმარება:

 

“არიან ადამიანები, თავის ჭარბ წონასთან არანაირი პრობლემა არ აქვთ და მშვენივრად ცხოვრობენ, ვუთხრათ მათ, გინდა თუ არა დაიკელი, რატომ? თვითონ როცა გვეტყვის ადამიანი, რომ ამ საკითხში მჭირდება მხარდაჭერა, გამხნევება, გავამხნევოთ, მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ჩვენი წარმოდგენები მოვახვიოთ, როგორ უნდა იცხოვროს და როგორი წონა ჰქონდეს, ეს არ შეიძლება. არ არის მაინცდამაიანც იმ ადამიანის დახმარება”, – ამბობს ნოზაძე.

 

27 წლის ანა [სახელი შეცვლილია], რომელიც ასევე ჭარბი წონის მატარებელია, ამბობს, რომ მუმივად წონაზე მითითება, თუნდაც უკეთილშობილესი მიზნებით, არაეთიკურია:

 

“ყველა გამხდარი ვერ იქნება, არც იმას ვამბობ, რომ ჭარბი წონა იდეალური მდგომარეობაა. მაგრამ არაეთიკურია მიუთითო ადამიანს წონაზე. ძალიან არაეთიკური, როგორი „კეთილი სურვილებიც“ არ უნდა გამოძრავებდეს. რეპლიკა – “ცოტა მოსუქებულხარ, გინდა, კარგი დიეტა გასწავლო“, იგივეა ადამიანს, რომელიც სათვალეს ატარებს, უთხრა – „უი, მგონი, ცოტა ბრუციანი ხარ“, ადამიანს, რომელიც 1,60 სმ-ზე დაბალია, უთხრა – „უი, რაღაცა დაბალი მეჩვენები, სტაფილოს წვენი დალიე, სიმაღლეში მოიმატებ“ და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება. მიუთითო ადამიანს წონაზე, არის ჩვეულებრივი ბულინგი, ბულინგი, ბულინგი”, – ამბობს ანა.

 

თქვენ გიკითხავთ თქვენი მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის მათი წონის შესახებ? რატომ?  ან თქვენთვის უკითხავთ?  მოგვწერეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში ან მისამართზე: info@netgazeti.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი