ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ვერ მივიღებ ბრალდებებს, რომ ქონებას რუსულ კომპანიებზე ვყიდით

30 დეკემბერი, 2014 • • 1154
კვირიკაშვილი: ვერ მივიღებ ბრალდებებს, რომ ქონებას რუსულ კომპანიებზე ვყიდით

გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ “პეტროკასი” რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, წინა ხელისუფლების საკუთრებაში იყო:

 

“ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, ჯიბის კომპანია. ეს ტრანზაქცია მოხდა ოფშორულ ანგარიშებზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არ გვაქვს. აქეთ მოდის ბრალდებები ჩვენკენ, რომ ვყიდით რაღაცას რუსულ კომპანიებზე. ნათლად ჩანს, ვინ ყიდის რუსული სახელმწიფოს, თანაც სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას, ამიტომ ჩვენს მიმართ ამ მხრივ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია. პირიქით, ნათლად ჩანს, ვინ გაყიდა და რა გაყიდა რუსულ კომპანიებზე. ეს იყო კეზერაშვილის და მიხეილ სააკაშვილის კომპანია და ამ მხრივ კითხვები არ არის.” 

 

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ კომპანიის მიმართ ბევრი ბრალდება არსებობს: 

 

“უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ბრალდება იყო ამ კომპანიის მიმართ ქონების წართმევასთან დაკავშირებით და, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სასამართლოშიც არის გარკვეული საკითხები, ბენზინგასამართი თუ გაზგასამართი სადგურების წართმევასთან დაკავშირებით”.

 

“როსნეფტმა” ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კუთვნილ “Petrocas Energy Limited”-ში 49% -იანი წლილის შესყიდვის შესახებ განაცხადა. თავის მხრივ დავით იაკობაშვილი,  კომპანია “ჩელენჯ ენერჯის” აქციონერია, როემლიც ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერირებას ახორციელებს.   

 

“ინტერფაქსის” ცნობით, დავით იაკობაშვილი “Petrocas Energy Limited”-ში საკონტროლო პაკეტს ინარჩუნებს, თუმცა ფინანსური გარიგების მოცულობა არ ხმაურდება. 

 

აღნიშნული ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია “როსნეფტის” ვებგვერდზეც ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ ეს ორი კომპანია ერთობლივ საწარმოს ქმნის, რომელიც ლოჯისტიკის და საცალო გაყიდვების სფეროში იმუშავებს.  

 

“როსნეფტის” ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, Petrocas Energy-ი რეგიონში ლოჯისტიკის სეგმენტში მსხვილი მოთამაშეა. კომპანია არის მსხვილი ტრეიდერი, რომელიც ნევთობპროდუქტებით ვაჭრობას ახორციელებს. კომპანია ფლობს და მართავს მაღალტექნოლოგიურ ნავთობტერმინალებს ფოთში. ასევე ახორციელბს ლოჯისტიკურ ოპერაციებს კასპიის და შავ ზღვის რეგიონში. კომპანია ასევე ფლობს საქართველოში კომპნია “გალფ ჯორჯიას”, რომელიც ახორციელებს ნავთობპროდიქტების დისტრიბუციას 140 ბენზინგასამართი სადგურის მეშვეობით.  

 

Petrocas Energy-ის შტაბ-ბინა კვიპროსზე მდებარეობს, ხოლო ოპერირებას ლიმასოლის, თბილისის და მოსკოვის ოფისებიდან ახორციელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი