ეკონომიკა

“გალტ ენდ თაგარტი” მესტიაჭალაზე 30 მეგავატიანი ჰესის აშენებას გეგმავს

17 დეკემბერი, 2014 • • 2287
“გალტ ენდ თაგარტი” მესტიაჭალაზე 30 მეგავატიანი ჰესის აშენებას გეგმავს

სასტუმრო “რედისონში” დღეს საინვესტიციო კომპანია “გალტ ენდ თაგარტმა”, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და ავსტრიულმა კომპანია RP GLOBAL – მა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. 

მემორანდუმის მიხედვით სახელმწიფო “გალტ ენდ თაგარტს” და RP GLOBAL -ს ანერგოპროექტების განხორციელებაში დაეხმარება. 

 

საინვესტიციო კომპანია “გალტ ენდ თაგარტთი”, RP GLOBAL -თან ერთად სპეციალურად შექმნილი კომპანია “სვანეთის ჰიდროს” მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე 30 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას განახორციელებს.

 

“ეს იქნება არაკაშხალური ტიპის მომდინარე წყალზე დადგმული ჰესი, რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მილიონ კილოვატ საათზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მესტიაჭალას მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება, როგორც ადგილობრივად, ასევე ექსპორტზე გავა.ჰესის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და პროექტის ძირითადი დიზაინი დასრულების სტადიაშია. მშენებლობა მდინარე მესტიაჭალაზე 2015 წლის გვიან გაზაფხულზე იგეგმება” – განუცხადა “ნეტგაზეთს” “გალტ ენდ თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.

   

გაჩეჩილაძის თქმით, მესტიაში ახალი ჰესის მშენებლობა რეგიონის ეკონომიკას სარგებელს მოუტანს: 

 

“ჰესის გარემოზე ზემოქმედება არის მინიმალური, რადგან არ ხდება წყლის დაგუბება და მომდინარე წყალზე აგებული ჰესია.  ეს პროექტი მესტიის ეკონომიკისთვის მნიშველოვანი იქნება. ადგილობრივი ხალხი დასაქმდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ქონების გადასახადის სახით 1 მლნ ლარამდე შევა ყოველ წელს მესტიის ბიუჯეტში, რაც კარგი დანამატი იქნება. მესტიის ბიუჯეტი 7 მლნ ლარია.”  

 

გაჩეჩილაძის ინფორამციით, კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციაზე მუშაობა დაასრულა: “დოკუმენტაცია უკვე შევიტანეთ სამინისტროში. მოხდება ამ პროექტის განხილვა. ამის გარდა ველოდებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა “გალტ ენდ თაგარტთი” მდიანრე მესტიჭალაზე ჰესის მშენებლობით, გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ კომპანიას ინჟინრებმა ურჩიეს, რომ ამ მდინარეს ჰესის აშენებისთვის კარგი პოტენციალი ჰქონდა: 


“ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ადგილები გურიაში და რაჭაში. ჯერ ამ პროექტზე ვართ ორიენტირებული. თუ პროექტი არ გამოვა, მაშინ სხვა რეგიონებში ვეცდებით ინვესტირებას. ვგეგმავთ 5-8 ჰესის აშენებას. მესტიაჭალაზე 30 მეგავატიანი ჰესი ჩვენი პირველი ენერგოპროექტია.”   


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძი განცახდებით, მთავრობამ პრიორიტეტულად  გამოცხადა ენერგეტიკის დარგი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.” 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი