ახალი ამბები

ხადური: პანიკამ შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს ლარის გაცვლით კურსზე

4 დეკემბერი, 2014 • • 1072
ხადური: პანიკამ შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს ლარის გაცვლით კურსზე

“პანიკა არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ლარის გაცვლით კურსზე. მე მინდა გითხრათ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ეროვნულ ბანკს გააჩნია შესაბამისი რეზერვები იმისათვის, რათა მოახდინოს ინტერვენცია, ასევე არანაირი მაკროეკონომიკური პარამეტრები არ იძლევა იმის საფუძველს, ვიგულისხმოთ, რომ ლარის კურსის დაცემა გაგრძელდება. გაცვლით კურსზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი, საშინაო, საგარეო, ფსიქოლოგიური ფაქტორები. საშინაო ფაქტორებიც დივერსიფიცირებულია, ძალიან ბევრია, მათ შორის ხშირად ხდება აპელირება ბიუჯეტიდან გაწეული დიდი რაოდნობით ხარჯებზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ლარის კურსის შემცირებაზე დოლართან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა არის ნულის ტოლი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხარჯავთ მხოლოდ იმ თანხას, რასაც ეკონომიკიდან ვიღებთ გადასახადების სახით. ბიუჯეტის მხრიდან არ არსებობს არანაირი ზემოქმედება მიმოქცევაში არსებული ფულის ზრდასთან”- განაცხადა ნოდარ ხადურმა  “პირველ არხთან” საუბრისას.

 

ნოდარ ხადურმა არ ისაუბრა, კონკრეტულად რა გახდა ამჟამინდელ ვითარებაში ლარის კურსის ცვლილების მიზეზი:

 

“მე თავს შევიკავებ სხვა თემებზე საუბრისაგან, მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლბას, მონეტარულ პოლიტიკას აყალიბებს ეროვნული ბანკი, იგი არის დამოუკიდებელი თავის მუშაობაში. შესაბამისად, არ იქნება სწორი, ხელისუფლების წარმომადგენელმა ღია ეთერით ისაუბროს ეროვნული ბანკის მუშაობაზე, სხვა უწყების მუშაობაზე”

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბერს, 17:00  საათზე დადგენილი კურსით ლარი აშშ დოლართან 1.8616 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან 2.2950 ნიშნულზეა. კომერციულ და სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 1.91 ლარამდე აღწევს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი