ახალი ამბები

ომბუდსმენის აზრით ე.წ. კაბელების საქმის ნაწილს საიდუმლო გრიფი უნდა მოეხსნას

22 ნოემბერი, 2014 • • 1201
ომბუდსმენის აზრით ე.წ. კაბელების საქმის ნაწილს საიდუმლო გრიფი უნდა მოეხსნას

საქმის შესწავლის ფარგლებში, ომბუდსმენის რწმუნებულები შეხვდნენ ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და ასევე, გაესაუბრნენ მათ ადვოკატებს. აპარატმა მთავარი პროკურატურიდან  გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო უწყებამ მასალების გაცნობა უზურნველყო.

 

“საქმის მასალების გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ ე.წ. კაბელების სისხლის სამართლის საქმეს გრიფი „საიდულო“ მიენიჭა მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების დღეს, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის დადგენილებით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მთლიანი მასალა მიეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას. 2014 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით, დაცვის მხარის არც ერთ ადვოკატს არ ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლება, რის გამოც ადვოკატებს განემარტათ, რომ ვერ მოხდებოდა მათთვის საქმის მასალების ასლების სახით გადაცემა. გამომძიებლის მიერ თითოეული ადვოკატი გაფრთხილებული იქნა სახელმწიფო საიდუმლოების გაუმჟღავნებლობაზე და მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზეც ბრალდებულების ადვოკატებმა უარი განაცხადეს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 19 ნოემბერს გაკეთებული საჯარო განცხადებითაც გაავრცელა”,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმის იმ ნაწილის განსაიდუმლოება, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდულოებას. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნეს გამოძიების პროცესში ბრალდებულებისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის, მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა.

 

“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად,  დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე. რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გადაცემის შეზღუდვის შესაძლებლობას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს”, ნათქვამია განცხადებაში. 

 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში დაჩქარდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების განსაიდუმლოების პროცესი, რომლებიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას.

 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ე.წ. კაბელების საქმეზე 28 ოქტომბერს დააკავეს. საქმის მასალებს დღემდე გრიფი საიდუმლო ადევს და მასალების ასლები ბრალდებულების ადვოკატებს არ გადასცემიათ. პროკურატურა მათ მხოლოდ ადგილზე გაცნობის და შენიშვნების გაკეთების შესაძლებლობას თავაზობს. პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქმის ნაწილის გასაჯაროვების წინადადებით პრემიერ-მინისტრს მიმართა, თუმცა მისი გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით უცნობია. საქმეზე სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი