ახალი ამბები

მურმან დუმბაძე მაია ფანჯიკიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

25 ოქტომბერი, 2014 • 980
მურმან დუმბაძე მაია ფანჯიკიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

 

„28 ოქტომბერს არის დანიშნული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე კვირით ადრე. მაგრამ სქართველოს მთავრობის ის წევრები, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ან ის წევრები, რომლებიც მიწვეული არიან ამ სხდომაზე, აკეთებენ სრულიად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. მაგალითად, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის შესაძლებელია 28 ოქტომბერს არ იყოს საქართველოში იმის გამო, რომ შეიძლება მიიპატიჟოს ერთ-ერთმა მეგობარმა სახელმწიფომ სადღაც მივლინებაში. ეს არის დესტრუქციული განცხადება, არამარტო ანტისახელმწიფოებრივი, არამედ ანტიკონსტიტუციური.

 

საქართველოს პარლამენტს მივმართე, რომ გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება მოვალეობა და მიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მაია ფანჯიკიძის, როგორც საქართველოს მთავრობის წევრის, თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ. ეს დესტრუქციული განცხადება არ შეიძლება უპასუხოდ დატოვოს საქართველოს პარლამენტმა,“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.

 

დუმბაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართოს საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრის, ან წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა კი პარლამენტს გარკვეულ ვადაში უნდა აცნობოს წერილობით გადაწყვეტილების შესახებ.

 

მურმან დუმბაძე: „მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტი ამ ჩემს მოთხოვნას ყურად არ იღებს, მაგრამ მე ამით ვაფიქსირებ იმას, რომ თუკი პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლს იგნორირებას გაუკეთებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ისევე მორჩილი პარლამენტია, როგორიც გვქონდა ჩვენ უახლოესი წლების განმავლობაში“.  

მასალების გადაბეჭდვის წესი