ახალი ამბები

ბაჩო ახალაია: ხელისუფლება ცდილობს ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციის განეიტრალებას

22 ოქტომბერი, 2014 • • 1053
ბაჩო ახალაია: ხელისუფლება ცდილობს ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციის განეიტრალებას

“მინდა მივმართო ქართველ ხალხს, რომელშიც არ ვგულისხმობ კრიმინალებს, რადგან მათ ეროვნება არ აქვთ, და არც V კოლონას, რომლებიც უბრალოდ რუსები არიან.

 

გულწრფელად ვიტყვი, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო დროული, რადგან უკვე ათეულობით ქართველი პატრიოტი სამარცხვინო და უნამუსო ბრალდებებით კარგა ხანია მსჯავრდებულები არიან, ნამდვილად მირჩევნია ვიყო მათ რიგებში, ვიდრე რამე სახით მათგან გამონაკლისი იმ უამრავი გამამართლებელი განაჩენების სახით, რაც აქამდე დამიგროვდა.

სასამართლოს მხრიდან შავბნელი ძალების ბრალდებების უპირობო გაზიარება კი მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება ასეთი სიბრიყვით ცდილობს ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციის განეიტრალებას. ფიქრობენ, რომ ამით მიეცემათ ლეგიტიმური უფლება ღიად მიძახონ დამნაშავე, მაგრამ აქ ახალი არაფერია, ეს ხომ აქამდე ასე იყო.

 

ამ ორი წლის მანძილზე კი ჩემი მოტივაცია იყო შეცდომაში შეყვანილი ქართველი ხალხისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ, ეს მოვახერხე.

 

თუ ვინმე დღეს ვერ დამეთანხმება, დარწმუნებული ვარ ხვალ გაიზიარებს ჩემს ურყევ შეხედულებას, დღეს სინამდვილეში მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ომი სწორედ იმ ფორმით, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ჩვენი ამოცანა ძლიერი ქართული სახელმწიფო და აფხაზეთში დაბრუნებაა, ყველაფერი რაც დღეს ხდება, სწორედ ამ ბრძოლას უკავშირდება, რომელშიც ჩვენ მხოლოდ გამარჯვების ვალდებულება გვაქვს და ამ გზაზე ტყვიების თუ ტანკების ძალის ციხით ჩანაცვლება არანაირი დაბრკოლება არ არის.

 

ხოლო სასამართლო, რომელიც დღეს იმპერიალისტური ძალების იარაღია, შეიძლება კი არის ერთგვარი უნამუსო პრობლემა, მაგრამ მასთან მიმართებაში ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი რეგიონის XX საუკუნის ერთ-ერთი პროგრესული ლიდერის შეხედულება გავიზიაროთ, რომლის მიხედვით, თუ უსამართლოდ გექცევა სასამართლო, ეს შენი ბრალია, ხოლო ამ უსამართლობის გამომწვევი მიზეზების და მისი აღმსრულებლების გამოსწორებაც შენი ვალია, თავისუფალი მოქალაქის.

 

საბოლოოდ კი იმას ვიტყვი, ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს სოხუმში დაბრუნებაზე, ვერც რუსული ტანკები და ვერც საქართველოს მოღალატე პოლიტიკოსთა მთელი არმია. წინ მხოლოდ აფხაზეთი იქნება!”- წერს ახალაია.

 

დღეს, 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია, რომელიც იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, დამნაშავედ ცნო ორი მუხლით, ხოლო ერთში გაამართლა. საბოლოოდ, ბაჩო ახალაიას 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი