ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე: გაერო-ს ასამბლეაზე ორი დელეგაციის წასვლა არ არის მიზანშეწონილი

8 სექტემბერი, 2014 • • 1672
ვიქტორ დოლიძე: გაერო-ს ასამბლეაზე ორი დელეგაციის წასვლა არ არის მიზანშეწონილი

მისი თქმით, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის უცხოეთში ვიზიტებს საკანონმდებლო დარეგულირება არ სჭირდება: 

 

“გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი იქნება წარმოდგენილი. ეს მისი პირველი გამოჩენა იქნება გაეროს უმაღლეს ტრიბუნაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და მას ორმხრივი შეხვედრებიც ექნება. რაც შეეხება ორი დელეგაციის ერთად წასვლას, მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყოს მიზანშეწონილი. ვეთანხმები საგარეო საქმეთა სამინისტროს იმაში, რომ უხერხულობას ქმნის ამგვარი ვითარებები. თუმცა, თუკი პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, რომ კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ის წყვეტს – წავა თუ არა. ერთი დელეგაციის შემადგენლობაში რომ შევიდნენ ქვეყნის უმაღლესი პირები, ასე არ ხდება ხოლმე. როგორც წესი, ერთი და იგივე ღონისძიებაზე არ დადიან ხოლმე. ერთ დელაგაციაში ორივეს მოთავსება არ იქნება სწორი.” 

 

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, კონსტიტუცია შეიცვალა, თუმცა კაზუსები მაინც ხდება: “არის კაზუსური მომენტებიც, მაგრამ პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილება მკაცრად გაწერილი კონსტიტუციაში, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს და მთავრობას. მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ სიტუაციის კონსტიტუციით დარეგულირება.” 

 

ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განცხადა, რომ თუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის. 

 

“მიგვაჩნია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგაციით. არ არის არც ერთი პრეცედენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ორი უმაღლესი ლიდერი ყოფილიყო წარმოდგენილი. მთავრობამ იმსჯელა და რადგან ახალი კონსტიტუციით პრემიერი არის საგარეო ურთიერთობების აღმასრულებელი, გადაწყდა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

 

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი