ახალი ამბები

“იდენტობა” საზოგადოებრივ მაუწყებელს ქცევის კოდექსის დარღვევის გამო უჩივის

8 აგვისტო, 2014 • • 1276
“იდენტობა” საზოგადოებრივ მაუწყებელს ქცევის კოდექსის დარღვევის გამო უჩივის

“იდენტობის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ და იურისტმა ნინო ბოლქვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმს დღეს მიმართეს. მათი აზრით, საზოგადოებივმა მაუწყებელმა მაუწყებლის ქცევის კოდექსის 15.9-ე მუხლი დაარღვია. 

 

“იდენტობის” წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა შესაბამისი თანამშრომლების მიმართ დისციპლინარული ზომების გაატაროს და გადაცემის იმავე ფორმატით 2014 წლის 6 აგვისტოს გასულ გადაცემაში დაშვებული შეცდომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაევალოს.

 

ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაციის საჩივარი შეეხება 6 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის საინფორმაციო პროგრამაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ამერიკაში, კანზასის შტატში მშობლების დაუდევრობით მომხდარ უბედურ შემთხვევას, 10 თვის ბავშვის გარდაცვალებას შეეხებოდა, რომელიც მშობლებმა მანქანაში დატოვეს და 30-გრადუსიანი სიცხის გამო გარდაიცვალა. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ბავშვის მშობლები “არატრადიციული ორიენტაციის” პირები იყვნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეთტს “იდენტობასთან” ერთად კიდევვ 6 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა.

 

ორგანიზაციები- მედიის განვითარების ფონდი (MDF), იდენტობა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საფარი, ასოციაცია “ლგბტ საქართველო”, არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), აცხადებენ, რომ ამერიკული წყარო, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, საუბრობს ერთ მშობელზე, რომლის დაუდევრობითაც ბავშვი დაიღუპა, პირველი არხმა კი აქცენტი ხაზგასმულად “ჰომოსექსუალურ წყვილზე” გააკეთა.

 

“მოამბის” წამყვანმა ამ ინციდენტის არასწორი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, როდესაც ინციდენტის გაშუქებისას, მშობლების სექსუალური ორიენტაციის დაუსაბუთებელი მითითებით, შექმნა წინასწარი უარყოფითი განწყობა ლგბტ პირების მიმართ. სახელდობრ, წამყვანის საავტორო ტექსტში აღნიშნული იყო: “არატრადიციული ორიენტაციის წყვილს 10 თვის ქალიშვილი მანქანაში დარჩა – ბავშვი სიცხისგან დაიღუპა”, – წერია განცხადებაში. 

ხელისმომწერი ორგანიზაციების თქმით, ვაშინგტონ პოსტის ცნობით,  2014 წელს მხოლოდ შეერთებულ შტატებში 21 ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისინი მშობლებმა მანქანაში, სიცხეში დატოვეს. “მოამბის” რედაქციამ კი მხოლოდ ჰომოსექსუალური წყვილის შემთხვევა შეარჩია, დანარჩენი 20 შემთხვევა კი არ გაუშუქებია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 15.9-ე მუხლი დაირღვა:  

“ჰომოსექსუალები ხშირად შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან. ჰომოსექსუალები და ბისექსუალები უმცირესობას შეადგენენ და გადაცემის ავტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინიც, სხვების მსგავსად, საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ.

გადაცემაში ჰომოსექსუალის სექსუალური ორიენტაცია აღნიშნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თემას უშუალოდ უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევთ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ხელს შეუწყობთ სტერეოტიპის გაძლიერებას”, – აღნიშნულია ქცევის კოდექსში.

 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც მაუწყებლის ეთერში სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს საჯარო განცხადებით და თვითრეგულირების ორგანოში საჩივრით მიმართეს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ ინფორმაციის ამ ფორმით გადაცემა არღვევს როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ისე თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსს – მასში არ არის დაცული ჯეროვანი სიზუსტე და ამავე დროს ის დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

 

ქარტიის საბჭო მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის “მოამბის” რედაქციას, ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდოს როგორც მსგავს თემებში ადამიანების რელიგიური, ეთნიკური ან სექსუალური კუთვნილების აღნიშვნას, ისე მთლიანად უმცირესობების გაშუქებას, და სთხოვს, აღნიშნული ვიდეოფრგამენტი ოფიციალურ ვებგვერდსა და სხვა ოფიციალურ ინტერნეტწყაროებთან გადამოწმდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი