ახალი ამბები

Washington Post: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც აშშ-ის გაფრთხილებებს უგულებელყოფს

4 აგვისტო, 2014 • • 1327
Washington Post: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც აშშ-ის გაფრთხილებებს  უგულებელყოფს

საავტორო სვეტის ავტორის შეფასებით ღაზა, უკრაინა, ერაყი, სირია, ლიბია ავღანეთი ის საერთაშორისო კრიზისებია, რომლებმაც ობამას ადმინისტრაციას ამ ზაფხულს შეუტია. მისი თქმით, ამ ფონზე ისეთი კრიზისები რომლებიც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს აშშ-ის პოლიტიკას და პრესტიჟს ნაკლებშესამჩნევია; 

 

“ერთ-ერთი ასეთი კრიზისი გასულ კვირასაც წარმოიქმნა საქართველოში, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყანა და ამერიკის მოკავშირეა”, – წერს დილი, რომელიც კონკრეტულად, საქართველოს ახალი მთავრობის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას გულისხმობს. 

 

ჯექსონ დილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს როგორც არალიბერალ ოლიგარქს ახასიათებს, რომელიც საქართველოს მთავრობას 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული აკონტროლებს.

 

“იგი არაერთხელ გააფრთხილა ობამას ადმინისტრაციამ, არ დაეწყო სამართლებრივი დევნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ათიოდე წლის წინ მომხდარი პროდემოკრატიულ რევოლუციის ლიდერია, ხოლო არჩევნების დამარცხების შემდეგ ძალაუფლება მშვიდობიანად დათმო. ჯერ კიდევ გასულ ორშაბათს მთავრობამ  აშკარა  პოლიტიკური ბრალდება წამოაყენა როგორც სააკაშვილის, ასევე მისი პარტიის 4 სხვა ლიდერის წინააღმდეგ. პატარა ქვეყნის მიერ შეერთებული შტატების წითელი ხაზის ასეთი აბუჩად ადგება არათანმიმდევრულად და არალოგიკურად გამოიყურება – სააკაშვილი დაპატიმრებული არ არის, იგი რჩევებს აძლევს უკრაინის ახალ, პროდასავლურ მთავრობას. თუმცა ეს [საქართველოს მიერ აშშ-ის გაფრთხილების იგნორირება] უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. ამერიკის ბევრმა მოკავშირემ, ისეთი რეჟიმის ჩათვლით, როგორიც საქართველოა, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი ვაშინგტონის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებაზე, ღიად დაიწყეს ობამას ადმინისტრაციის იგნორირება”.  

 

როდესაც დილი საუბრობს ზოგად ტენდენციაზე, იგი აშშ-ის გავლენის შემცირებას გულისხმობს და ამის საილუსტრაციოდ საქართველოსთან ერთად სხვა მაგალითებიც მოჰყავს. მაგალითად,  ეგვიპტეში “ალ ჯაზირას” 3 ჟურნალისტს მრავალწლიანი პატიმრობა  მიუსაჯეს ზუსტად მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ჟურნალისტების დაკავების საკითხი  მან კაიროს გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან განიხილა. ბაჰრეინიდან კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 3 ასისტენტი გააძევეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

 

“რატომ კარგავს ობამა გავლენას? ობამას მხარდაჭერები  მისი წინამორბედის შეცდომების გამო მას უდანაშაულო მსხვერპლად წარმოაჩენენ. მაგრამ ის უცხოელი დიპლომატები  და ოფიციალური პირები, რომლებსაც მე ვესაუბრე, ამ საკითხს სხვაგვარად ხედავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ობამას მიერ გადადგმულმა სხვადასხვა ნაბიჯმა დააჩქარა აშშ-ის გავლენის დასუსტება. მათ შორის პირველ ადგილზეა ავღანეთსა და ერაყში სამხედრო უკან დახევა”,- წერს დილი.

 

ავტორის მოსაზრებით, ობამას ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომა თუნდაც უმნიშვნელო ძალების მიერ მისი რჩევების უგულებელყოფაზე არასათანადო რეაქციაა:

 

“ბაჰრეინში  ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე საელჩო მხოლოდ “შეშფოთების” გამოხატვით შემოიფარგლა.  ასევე მოხდა, როდესაც სააკაშვილის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ადმინისტრაციას შეუძლია იოლად დასაჯოს და შეაჩეროს ასეთი მთავრობები, – შეუძლია გამოიწვიოს ელჩები, თავი შეიკავოს სამხედრო დახმარებისგან, შეაჩეროს წვრთნები და გააუქმოს ოფიციალური ვიზიტები. ამის ნაცვლად ისეთი აზრი იქმნება, რომ ობამას ადმინისტრაციას შეიძლება იგნორირება გაუკეთო და ამისთვის არ დაისაჯო”,- წერს დილი. 

 

ჯექსონ დილი გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო გვერდის რედაქტორის მოადგილეა, იგი მოსაზრებებს საგარეო საკითხებზე წერს. ჯექსონ დილი “ვაშინგტონ პოსტს” 1978 წელს შეუერთდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი