სამართალი

ჯოზეფ ქეი: კეზერაშვილმა მითხრა თუ “იმედს” არ დათმობ ამ ოთახიდან ვერ გახვალო

24 ივლისი, 2014 • • 3559
ჯოზეფ ქეი: კეზერაშვილმა მითხრა თუ “იმედს” არ დათმობ ამ ოთახიდან ვერ გახვალო

“2008 წლის დეკემბერში დამიბარა კეზერაშვილმა და მთხოვა სასწრაფოდ შეხვედრა. ღამის 3-ის ნახევარზე მომაკითხა მისგან გამოგზავნილმა პირმა კოტე ყიფიანმა და მიმიყვანა კეზერაშვილთან მოსაშვილის ქუჩაზე. ის მარტო დამხვდა, ხმლით დადიოდა ოთახში. მითხრა, რომ “იმედი” უნდა მიმეცა მათთვის და ეს იყო მიშას [სააკაშვილის] გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჯოზეფ ქეიმ დაკითხვისას. მისი თქმით, ამის შემდეგ, მას სააკაშვილი დაალაპარაკეს ტელეფონით:

“სააკაშვილმა მითხრა კარგი კაცი ხარ, არ გაიგო სხვანაირად, მაგრამ “იმედი” უნდა დაგვითმო, ეხლა ასეა საჭირო, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვი. კეზერაშვილი რასაც გეუბნება მას დაუჯერე, ჩათვალე, რომ მე გეუბნებიო. ამის შემდეგ კი კეზერაშვილმა მითხრა, შენ თუ ამას არ გააკეთებ ამ ოთახიდან ვერ გახვალო. მიყენებდნენ ულტიმატუმს. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ელოდა”, – განაცხადა ჯოზეფ ქეიმ.

 

ჯოზეფ ქეი აცხადებს, რომ მას არ უთხრეს ვისზე უნდა გადაეფორმებინათ კომპანია, ხოლო მოლაპარაკებებს დოკუმენტების გადაფორმებასთან დაკავშირებით მასთან კეზერაშვილის შემდეგ გიგი უგულავა აწარმოებდა:

“კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ უკვე უგულავა შემხვდა. ის თბილად და ტკბილად მელაპარაკა. ყველა დოკუმენტს ჩვენ მოვამზადებთ, შენ უბრალოდ ხელი უნდა მოაწერო და ვიზე ვაფორმებთ დრო რომ მოვა გეტყვითო”

ჯოზეფ ქეის თქმით, ამის შემდეგ მას ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ტელეკომპანია “იმედი” იძულებით დათმობინეს, რის სანაცვლოდაც მოგვიანებით დაახლოებით 9 მილიონი ლარი ჩაურიცხეს, ხოლო 10% კომპანიის წილიდან შეუნარჩუნეს, რაც მან 2012 წელს ბადრი პატარკაციშვილის ცოლს, ინა გუდავაძეს დაუთმო.

როგორც ჯოზეფ ქეი ამბობს, მას “იმედის” სანაცვლოდ, გაცილებით მეტი თანხა უნდა მიეღო, მისი გამოთვლით თანხა, რომელიც მან “იმედისთვის” დახარჯა 11 მილიონს შეადგენდა.

 

უგულავას ადვოკატების შეკთხვაზე, რატომ არ განაცხადა ბიზნესმენმა მაშინვე თუკი ტელეკომპანიას ძალით ათმობინებდნენ ჯოზეფ ქეიმ უპასუხა, რომ მას ასევე ძალით წაართვეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რის შესახებაც ისრაელის ელჩს ესაუბრა, თუმცა ელჩმა ურჩია გაჩუმებულიყო:

 

“ისრაელის ელჩი იყო ჩემი მეგობარი და როცა წამართვეს ქარხანა მითხრა, ჯოზეფ ჩუმად იყავი არ მოგკლანო. მაშინ გავჩუმდი იმიტომ, რომ ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე. ახლა აღარ არიან ნაციონალები ხელისუფლებაში, აღარ არის სააკაშვილის, უგულავას, კეზერაშვილის და ადეიშვილის დრო”, – აცხადებს ჯოზეფ ქეჯი.

 

გიგი უგულავა, რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია მიიჩნევს, რომ ბიზნესმენის ჩვენება, სწორედ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მისთვის დაბრუნებას უკავშირდება:

 

“ჯოზეფ ქეის შეპირდა მთავრობა, რომ ცრუ ჩვენების სანაცვლოდ ის მიიღებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, რომელიც ეკუთვნის პატარკაციშვილების ოჯახს”, – განაცხადა უგულავამ დღევანდელი პროცესის დაწყებამდე. მისი თქმით, საქმე ეხება წიდასთან დაკავშირებულ დავას, რომლის გარესეც ქარხანა ვერ იფუნქციონირებს. როგორც უგულავამ აღნიშნა, ამის თაობაზე საქმე უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს და იქ აუცილებლად გაიმარჯვებს ჯოზეფ ქეი, რაც იმის დასტური იქნება, რომ ქეი ხელისუფლების მოწმეა:

 

“მაგრამ მე ქეის მინდა ვუთხრა, რომმასაც გადააგდებს ივანიშვილი, აუცილებლად გადააგდებს”, – აღნიშნა უგულავამ.

 

ჯოზეფ ქეი, რომელიც ისრაელის და ამერიკის მოქალაქეა ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს, skype-ით მისი დაკითხვა დღეს სასამართლოში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აერთიანებს “თბილსერვის ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდებს. უგულავას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით  (სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ) და 194–ე მუხლის მესამე ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია). დავით კეზერაშვილი კი მხოლოდ ტელეკომპანია “იმედის” წართმევის ეპიზოდშია ბრალდებული.

ჯოზეფ ქეი
ჯოზეფ ქეი

მასალების გადაბეჭდვის წესი