ტექნოლოგიები

Fire Phone – ამაზონის ცეცხლთან თამაში საქართველოში

25 ივნისი, 2014 • • 3035
Fire Phone – ამაზონის ცეცხლთან თამაში საქართველოში

ფოტოკამერა


 სმარტფონი, პირველ რიგში, ფოტოგადაღების მოყვარულებს დააინტერესებს, რადგან ამაზონი პირველი მწარმოებელია ამ ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს ულიმიტო amazon cloud drive-ს სთავაზობს ავტომატური back up-ის ფუნქციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ფოტო, რომელსაც სმარტფონით გადაიღებთ, ავტომატურად შეინახება ულიმიტო ვირტუალურ ფოტოსაცავში. ეს საშუალებას მოგცემთ, არ ინერვიულოთ იმაზე, ეყოფა თუ არა თქვენი ტელეფონის შიდა მეხსიერება (32 გიგაბაიტი, ან 64 გიგაბაიტი +100$ ფასად) გადაღებული ფოტოების რაოდენობას.

Fire phone-ში ჩამონტაჟებულია ორი კამერა ერთი- 2,1-მეგაპიქსელიანი, ხოლო მეორე, 13-მეგაპიქსელიანი კამერა [f/2.0 lens], რომელიც ამაზონის მტკიცებით, დაბალ განათებაზეც კი ფლეშის გამოყენების გარეშე გადაიღებს უმაღლესი ხარისხის ფოტოებს. ორივე კამერა Full-HD რეზოლუციის ვიდეოს იღებს. კამერას გააჩნია ოპტიკური image stabilization, ასევე, პანორამის და HDR გადაღების ფუნქცია.


დინამიკური პერსპექტივა

ამაზონის სმარტფონის ეს ფუნქცია გამოსახულებას მომხმარებლის ხედვის კუთხის მიხედვით ცვლის და 3D ეფექტს ქმნის, ანუ გამოსახულება ტელეფონის ტრიალის მიხედვით იცვლება 90 გრადუსის ფარგლებში. ამაზონი ფიქრობს, რომ ეს ფუნქცია განსაკუთრებით ეფექტურია სპეციალური თამაშებისა და რუკების გამოყენებისას.


Firefly

ამაზონი სმარტფონში მომხარებლებს სთავაზობს Firefly ტექნოლოგიას. ღილაკზე თითის დაჭერით სმარტფონს შეუძლია ამოიცნოს დაბეჭდილი მონაცემები, ტელეფონის ნომრები, E mail-ის მისამართები, ვებგვერდების მისამართები და ასე შემდეგ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს იმაილის გაგზავნა, დარეკვა ან კონტაქტის დამახსოვრება ტელეფონში ნომრის ან მისამართის აკრეფვის გარეშე შეუძლია.


როგორ მუშაობს ამაზონის firefly
როგორ მუშაობს ამაზონის firefly


Firefly ტექნოლოგიას ასევე ამაზონის მარკეტის ბაზაში არსებული 245,000 ფილმის და სატელევიზიო შოუს, 160 არხის და 35 მილიონი სიმღერის ამოცნობა შეუძლია, რის შემდეგაც მომხმარებელს საშუალება აქვს ეს მონაცემები დაამუშაოს: მაგალითად, ფილმის ამოცნობის შემთხვევაში გადავიდეს IMDB-ის ვებგვერდზე და პროდუქტი შეიძინოს, ასევე მიიღოს ცნობები მისი რეჟისორისა თუ მსახიობების შესახებ. ანალოგიურად შეუძლია მუსიკისა და წიგნების ყიდვა ამოცნობის შემდეგ. 

ტექნიკური მახასიათებლები


ამაზონის სმარტფონი 2.2 GHz quad-core Snapdragon 800 პროცესორზე მუშაობს, 2GB RAM-ით. ოპერაციული სისტემა – Fire OS 3.5. კომპანიის მტკიცებით, საუბრის რეჟიმში სმარტფონის ბატარეა 22 საათის განმავლობაში იმუშავებს, ხოლო ლოდინის რეჟიმში – 285 საათამდე. ტელეფონის ეკრანის რეზოლუცია 1280 x 720 პიქსელია:


ტექნიკური მახასიათებლები
ტექნიკური მახასიათებლები

ფასი და საქართველო

ამაზონის სმარტფონი გაყდივაში 25 ივლისიდან ჩაეშვება, თუმცა ონლაინ მარკეტის ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. Fire Phone-ის ფასი მომსახურების ხელშეკრულების სახეების მიხედვით 199 დოლარიდან 649 დოლარამდე მერყეობს. ამაზონს ექსკლუზიური შეთანხმება აქვს ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-სთან, რაც იმას ნიშნავს, რომ 199 დოლარად სმარტფონის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია, თუ პარალელურად ამ სატელეფონო კომპანიის აბონენტი გახდები მინიმუმ 2 წლით. ეს კომპანია საქართველოში არ ოპერირებს (უცნობია სმარტფონის unblock-ის პერსპექტივა). AT&T-ის მომსახურების ხელშეკრულების გარეშე (იგივე Sim free) 649 დოლარი ღირს. ამაზონის ვებგვერდიდან მისი გამოწერის შემთხვევაში მომხარებელს განბაჟებისათვის სმარტფონის ღირებულების 18 პროცენტის გადახდა მოუწევს, რაც დაახლოებით 117 დოლარია, ანუ, ჯამში, 765 დოლარი, იგივე 1350 ლარი, ტრანსპორტირების ფასის გარეშე.


ტექნოლოგიებზე მომუშავე ზოგიერთი ონლაინ გამოცემის მიმომხილველის აზრით, ამაზონის სმარტფონის ღირებულება შემოთავაზებულ სერვისებთან მიმართებაში საკმაოდ ძვირია. დაახლოებით ამ ფასად ქართულ ბაზარზე Iphone 5s-ის სონი Xperia Z2-ის შეძენაა შესაძლებელი. აიფონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სმარტფონია, ხოლო Xperia Z2-ში, სონის მტკიცებით, სმარტფონებში მსოფლიოში საუკეთესო კამერაა ჩამონტაჟებული.


“მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამაზონის ტელეფონის გაყიდვის საკვანძო საკითხი სმარტფონის 3D ეფექტია, რომელიც ხრიკზეა დაფუძნებული და დინამიკური პერსპექტივით მიიღწევა. ეს არის ისეთი რაღაც, რაც დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გაგართობს, შემდეგ აცნობიერებ, რომ ამაში არაფერია პრაქტიკული, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. შემდეგი ასეთი ფუნქციაა Firefly. ნამდვილად კარგად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი ჟღერს უფრო კარგად, ვიდრე “ფასების სკანერი”… “ფასების სკანერი”, სწორედ ეს არის ის, რაც ამაზონმა ტელეფონში ჩაამონტაჟა. 650 დოლარად ღირებული “ფასების სკანერი”. ამაზონი აღნიშნავს, რომ Firefly-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაბეჭდილი ტელეფონის ნომრების, იმაილ-მისამართების სკანირება და შემდეგ ამ მონაცემების დამუშავება, ეს ნამდვილად საჭირო ფუნქციაა და ალბათ ყველა სმარტფონს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამაზონის ნამდვილი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შეძლოთ იმ ყველაფრის ყიდვა, რასაც დაასკანერებთ. კომპანიას უნდა, რომ ტელეფონიდან ყველა გადაკონვერტირდეს Amazon Prime addict-ზე. მე არ მაქვს პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ უკვე ვარ ამაზონის მომხმარებელი, მაგრამ ნუთუ ამაზონი მართლა ფიქრობს, რომ ადამიანები 200 ან 650 დოლარს გადაიხდიან იმ სერვისში, რომელიც მათ უკვე აქვთ თავიანთ ძველ სმარტფონებში ამაზონის აპლიკაციის სახით?!”, – წერს PC magazine-ის მიმომხილველი სეიმუს კონდრონი.

 

ამაზონი სმარტფონის მყიდველებს ამაზონ პრაიმის 1-წლიან უფასო წევრობას სთავაზობს, ხოლო იმ მომხარებლებს, რომლებიც პრაიმის წევრები უკვე არიან, უფასო სერვისს 12 თვის განმავლობაში გაუგრძელებს. რაც შეეხება პრაიმ ინსტანტ ვიდეოთი სარგებლობას, ამაზონი მიუთითებს, რომ მხოლოდ აშშ-ში მყოფი პირები შეძლებენ უფასო ვიდეო და მუსიკალური არქივებით სარგებლობას.


ის  კომპანიები, რომლებიც საქართველოში სმარტფონების ბაზარზე მუშაობენ, ჯერჯერობით ამაზონ Fire Phone-ის იმპორტზე არ ფიქრობენ. მაგალითად, სმაილში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ისინი ამაზონის სმარტფონს არ შემოიტანენ, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ, ზუმერში კი აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე ჯერ არ უფიქრიათ. კომპანია “მობი” კითხვაზე პასუხის გაცემას ხვალისთვის დაგვპირდა.


ამაზონის სმარტფონის შეფასება techradar-ის მიხედვით:

The Verge-ის მიხედვით:

  

მასალების გადაბეჭდვის წესი