ახალი ამბები

ყვარელში საკრებულოს სხდომის პარალელურად პოლიციაა მობილიზებული

24 აპრილი, 2014 • • 1243
ყვარელში საკრებულოს სხდომის პარალელურად პოლიციაა მობილიზებული

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ყვარლის გამგებლის, დავით ქევხიშვილის გადაყენების საკითხის განხილვას გეგმავს:

 

“შეტყობინება შევიდა ყვარლის რაიონის მთავარ სამმართველოში, რომ საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს და რამე ინციდენტი რომ არ მოხდეს, პრევენციის მიზნით თვითონ გამოიძახეს პოლიცია. იქ პოლიცია ნამდვილად დგას. ამას ვადასტურებთ”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

უწყებაში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად გამგეობის ან საკრებულოს რომელმა თანამშრომელმა გამოიძახა პოლიცია. ასევე არ საუბრობენ იმაზე, თუ რა გარემოებების გამო გახდა პრევენციული ზომების მიღება საჭირო.

 

“ქართული ოცნების” წევრი დავით ქევხიშვილი ამავე პარტიის ერთ–ერთმა წევრმა ცემაში დაადანაშაულა და მას რამდენიმე დღის წინ ბრალიც წაუყენეს. პროკურატურა მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ყვარლის გამგებლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილს, რომელიც წარმოშობით ყვარლიდანაა:

 

“შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი წარმოშობით ყვარლიდან არის. „ქართული ოცნების“ წევრებმა დაადასტურეს, რომ ზედელაშვილი ითხოვს საარჩევნო სიაში მისი ახლობლები, თანაკლასელები და მეგობრები შეიყვანონ. შს მინისტრის პირველ მოადგილეს გამგებლობის საკუთარი კანდიდატიც ჰყავს. დავალებების შესრულებაზე კონტროლი შსს–ს მაღალჩინოსანს ალექსანდრე ფერიაშვილს აქვს დავალებული”, – იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზედელაშვილი ყვარელში იმყოფება, თუმცა შსს–ში ეს ცნობა უარყვეს.


დავით ქევხიშვილი
დავით ქევხიშვილი



მასალების გადაბეჭდვის წესი