ახალი ამბები

პარტიებმა არჩევნებში ჩართულ პირთა თანხმობით უნდა გასცენ პერსონალური მონაცემები

16 აპრილი, 2014 • • 861
პარტიებმა არჩევნებში ჩართულ პირთა თანხმობით უნდა გასცენ პერსონალური მონაცემები

 

“2014 წლის 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი გამოცხადა. არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად და მორატორიუმით დასახული მიზნის მისაღწევად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს რეკომენდაციით მიმართა, კომისიას წარუდგინონ წინასაარჩევნო კამპანიაში უშუალოდ ჩართულ პირთა სია. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, პირის პოლიტიკური შეხედულება წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. პოლიტიკურ პარტიებს მათი წევრებისა და აქტივისტების შესახებ შეგროვებული ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა ეკრძალებათ პირის თანხმობის გარეშე(საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 6.3 მუხლი). პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს და მოუწოდებს უწყებათაშორისი კომისიისთვის სიის მიწოდებამდე უზრუნველყონ სიაში მყოფი ყველა პირის სათანადო ინფორმირება და მათგან წერილობითი თანხმობის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სიაში მყოფი პირი უკვე ოფიციალურად არ დასახელებულა კანდიდატად ან თავად არ გახადა საჯარო მისი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში”, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი 2 დღის წინ გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. აღნიშნული წინადადებით პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

 

“მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში”.

 

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ კი პარტიებს ამ მორატოიუმით სარგებლობის ფარგლებში საარჩევნო კამპანიაში მოანიწილე პირთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი