ახალი ამბები

საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესმენები და “ოცნების” სხვა შემწირველები

3 აპრილი, 2014 • • 6967
საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესმენები და “ოცნების” სხვა შემწირველები

37 353 ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” ალექსანდრე ხარებავამ, რომელიც, გარდა იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე ბიზნეს-კომპანიის მეწილეა, ასევე არის საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული შპს “საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების ფონდის” დირექტორი. აღნიშნული პირი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ფლობდა კომპანიას, სახელწოდებით “ლაზიკა”. არჩევნების შემდეგ გამარჯვებული ძალის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქალაქი ლაზიკა აღარ აშენდება, იმავე წლის 3 ოქტომბერს კი საჯარო რეესტრში ალექსანდრე ხარებავას განცხადება შევიდა, რომლითაც მან მისი ფირმისთვის სახელის შეცვლა მოითხოვა. “ლაზიკის” ნაცვლად მან კომპანიას “პერიტტო” დაარქვა. ხარებავა ასევე ფლობს წილებს  ღვინის კომპანიებში -“საქართველოს მარანი”, “მეღვინეობა ხარება”.

 

შპს “მეღვინეობა ხარებას” კიდევ ერთმა მეწილემ – ვახტანგ ლიპარტიანმა, ხარებავას მსგავსად, “ქართულ ოცნებას” 37 353 ლარი შეწირა. ლიპარტიანი ასევე არის “მეღვინეობა ხარებას” 5%-იანი წილის მფლობელი, კომპანიის – შპს “ვაჩნაძიანის” თანამესაკუთრე ალექსანდრე ხარებავასთან ერთად. ამას გარდა, ლიპარტიანი ფლობს შპს “აქვა გეოს” 80%-ს, ხოლო ამ კომპანიის დანარჩენი წილის მესაკუთრე საქართველოს საპატრიარქოა.

 

25 ათასი ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” რომან მახარაძემ, რომელიც “საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი და თბილისის #3 აფთიაქის თანამფლობელია.


სააფთიაქო ბიზნესიდან სხვა წარმომადგენლებმაც გაიღეს შემოწირულობები მმართველი პარტიისთვის მიმდინარე წელს. მათ შორისაა ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა “გედეონ რიხტერის” წარმომადგენლობის (ფარმაცევტული კომპანია) დირექტორი ზაზა ჩარკვიანი, რომელმაც მმართველ პარტიას 20 ათასი ლარი შეწირა. 

 

თორნიკე ალაშვილმა – ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტმა, კლინიკა “ოჯახის მკურნალის” დირექტორმა, ასევე, სააფთიაქო კომპანია “ჰეკატის ბაღის” მესაკუთრემ – 20 ათასი ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას”.

 

“ქართული ოცნების” შემწირველებს შორის სხვა ბიზნესმენებიც არიან. მაგალითად, 20 ათასი ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” დურმიშხან გიორგაძემ – შპს “მ.ე.ს.”-ის დირექტორმა, რომელიც, ასევე, წილებს ფლობს კომპანიებში – შპს ENERGO22, შპს აირ სერვისი, შპს ე.გ.მ.


რესტორან “მწვადიაურის” მესაკუთრემ, თეიუმურაზ კვიწინაშვილმა 15 ათასი ლარის შემოწირულობა გაიღო “ქართული ოცნების” ბიუჯეტში.

 

10 ათასი ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” ვახტანგ კიკნაძემ – შპს” სახელმწიფო კომპანია საქნავთობტრანსის” ერთ-ერთმა მფლობელმა და დირექტორმა. ის სხვა კომპანიებშიც ფლობს სხვადასხვა მოცულობის წილს.

 

10 ათასი ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” ვლადიმერ ფანგანმა, რომელიც არის შპს Cerva-Georgia-ს დირექტორი, სს Georgian Mines & Energy-ის გენერალური დირექტორი, ასევე, შპს კერამიკას მფლობელი.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, პარტიამ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” 2014 წლის 1 იანვრიდან 5 მარტამდე, ჯამში, მიიღო 626 877 ლარი. აქედან ყველაზე სოლიდური შემოწირულობა 50 ათასი ლარის ოდენობით გაიღო აგირამ გაჯიევმა, ის არის შპს “Rienlix”-ის 50%-ის მფლობელი, ხოლო ამ კომპანიის დანარჩენ წილს ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ალირეზა შარიათმადარი ფლობს.

 

მიმდინარე წელს “ქართული ოცნების” შემწირველებს შორის არის პრემიერ-მინისტრის სიმამრი: თამაზ თამაზაშვილმა პარტიას 5000 ლარი შეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი