ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიას ოჯახის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

26 მარტი, 2014 • • 1552
ზურაბ ჟვანიას ოჯახის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

“ჩვენი ოჯახის წევრები შეგნებულად თავს ვიკავებდით კომენტარისგან, გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული და ზედმეტი აჟიოტაჟი არ გვინდოდა  გამოგვეწვია. გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა მორიგი უზნეო განცხადება, რასაც უპასუხოდ ვერ დავტოვებდით” –განაცხადა გოგლა ჟვანიამ, ზურაბ ჟვანიას ძმამ. 

 

მედიის წარმომადგენლებთან ზურაბ ჟვანიას დედამ, რემა ჟვანიამაც ისაუბრა:

 

“მივმართავ პოლიტიკოსებს და მასმედიას: ვერ გამიგია, როცა ინტესიურად მიდის გამოკვლევა, რა საჭიროა ასეთი აჟიოტაჟი ზურას საქმესთან დაკავშირებით. მე მესმის, როცა იყო ჟურნალისტური გამოძიებები 7–8 წლის წინ, როცა არ იყო დასკვნა დადებული, სტრასბურგში ვგზავნიდით მასალებს და ვითხოვდით გამოძიებას. ახლა გამოძიება მიმდინარეობს და ნუ შეუშლით ხელს. როცა იქნება დასკვნა და თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და პიროვნებას ექნება ეჭვი, რომ არ არის გამოძიებული ობიექტურად, აქვთ საშუალება იჩივილონ სტარასბუგის სასამართლოში.  გთხოვთ, ნუღარ აგრძელებთ კამპანიას, ეს არის საშინელი ტრავმა ზურას შვილებისთვის. ”    

 

ბოლო დროს შექმნილი აჟიოტაჟი, ზურაბ ჟვანიას მეუღლის, ნინო ქადაგიძე ჟვანიას განცხადებით, არსებითი საკითხებიდან სკანდალურ საკითხებზე გადასვლის მცდელობაა.


“აკეთებენ ამ საქმის პოლიტიზებას, გაიკეთონ ფარი, რომ ამ პოლიტიკური ფარის მიღმა დარჩეს ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც არსებობს.  ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, ყველა მათგანის შინაარსი იყო  ერთი და იგივე. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით გამოძიებაზე. მე შემიძლია შევაჯამო  ეს შეხვედრები მიშას სიტყვებით: მიშამ მითხრა, მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ. ეს არის მისი სიტყვები. რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როცა მე თანხაზე მქონდა ლაპარაკი, იყო ერთ კონტექსტში, როცა მე ვცდილობდი, რომ სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა, ერთ–ერთი ვერსია ჩემი იყო, რომ რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები და გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ აქ იყო ადამინური ანგარების მომენტიც. შეიძლება ეს მკვლელობა მოხდა იმის გამოც, რომ ამ ადამინმა იქიდან რაღაცა მოიპარა. შეიძლება თანხაც ყოფილიყო. მე ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც იყო სეიფში, იყო დაკარგული. ეს იყო სულ, თანხაზე რაც იყო ლაპარაკი,”- განაცხადა ნინო ქადაგიძე -ჟვანიამ.


რაც შეეხება ფოტომასალებს და ვიდეომასალებს, რომლებიც გავრცელდა, ნინო ჟვანია– ქადაგიძის განცხადებით, მას ეს მასალა ნანახი არ ჰქონდა:

 

“ეს მასალები ნანახი არ მქონდა გამოძიების პირველ ეტაპზე. ერთადერთი ფოტო, რომელიც მოხვდა იმ მასალებში, არის ფოტო, სადაც ტუჩი აქვს გადმოწეული და აქვს სისხლჩაქცევა.  ეს ფოტო როცა შემხვდა, მივედი და ადეიშვილს ვუთხარი, ასეთი ფოტო არსებობს, ეს დაზიანება არსებობს. ადეიშვილმა თქვა, აბა, მოიტაენთ ფოტოებიო. მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო უკვე იქ აღარ იყო. რა უნდა მექნა მე. რაც შეეხება განსაჯაროებას მასალების– გამოძიება არ არის დამთავრებული. მე არავისთვის არ მითხოვია, რომ განსაჯაროება არ ყოფილიყო, იმიტომ, რომ, ბუნებრივია, სანამ გამოძიება არ დასრულდება, მასალები ვერ გასაჯაროვდება სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორის, პირველ ყოვლისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა მასალებს რაც შეეხება, ეს არის ვიდეომასალა, რომელიც აღმოჩენილი იყო ახალი გამოძიების დროს.  ეს არის ის ფირი, რომელიც იპოვეს სეიფში და ამ ფირის გაშიფვრის შედეგად ამოვიდა ეს მასალა. ახლა ბევრ რაღაცაზე მიდის ექსპერტიზა. მარტივი არ არის, რომ ექსპერტიზა დაიწყო. უკვე ბევრ რაღაცაზე იყო მცდელობა, რომ ჯერ კიდევ 2005 წლიდან მოვითხოვდით დამოუკიდებელ ექსპერტიზას. ახლა თითქოს გვაქვს თანხმობა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდეს თითქოს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გულისხმობს ქვეყნებს შორის სერიოზულ მოლაპარაკებას.  მაშინაც იმიტომ არ შედგა დამოუკიდებელი გამოძიება, რომ ჩვენმა მხარემ არ მისცა თანხმობა. გასაჯაროება მოხდება, თუ საჭირო გახდა, როცა გამოძიება დასრულდება. არის სერიოზული ეჭვი, როცა მასალების გადაგზავნა ხდებოდა აქედან, ხდებოდა ფაბრიკაცია.  ამის ეჭვი არსებობს.”

 

FBI-ს დასკვნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე გოგლა ჟვანიამ ისაუბრა:

 

“რაც შეეხება FBI-ს დაკვნებს, დელიკატურ თემებს და ა.შ. არსებობს ერთდერთი დასკვნა  FBI-ს. ეს არის ტექნიკური ექსპერიმენტი, რომელიც “ნიკალას” მუშაობასთან დაკავშირებით ჩატარდა, მათ აგრეთვე გამოკვლეული აქვთ სისხლი. ორი კონკრეტული დასკვნაა ამ საქმეში. გარდა ამისა, FBI-ს აქვს შესწავლილი რამდენიმე ნივთმტკიცებაზე დნმ-ის არსებობა, რომელიც საერთოდ არ იძლევა არანაირ სურათს. რაც შეეხება იმ დაწერილ დასკვნებს, ჩვენ ისინი გასაჯაროებული გვაქვს 9 წლის წინ, პირადად მე გავასაჯაროვე ისინი. ამ ტექნიკურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ იქ, ექსპერიმენტის დროს გამათბობელი მუშაობდა აბსოლუტურად გამართულად. და არანაირი სასიკვდილო გარემო არ შექმნილა. ქართულ თარგმანში დაწერილი იყო, რომ უმოკლეს დროში გადააჭარბა სასიკვდილო დონეს იმ ოთახში, რაც იყო ტყუილი, და მერე ეს დააბრალეს თარჯიმნის შეცდომას.

 

მთავარი ის არის, რატომ არის ეს აჟიოტაჟი და რატომ არის შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ის მასალა, რომელიც არსებობს გამოძიებაში და რომელმაც გაჟონა, იყო სრულიად მოულოდნელი, იმიტომ, რომ იქ არის დაფიქსირებული ისეთი დაზიანებები და ის კადრები, რომლის არსებობა, როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა ბელადებმა არ იცოდნენ. ეს მასალები დაფიქსირებული იყო იმ ვიდეოკასეტაზე, რომელიც, როგორც ჩანს, ყურადღებით არ გააანალიზეს და რომელიც ინახებოდა სეიფში. ვერანაირად ვერ ხსნის ეს კადრები იმ სულელურ ვერსიებს, რომლებზეც ისინი საუბრობდნენ,”- აცხადებს გოგლა ჟვანია.

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ტელეკომპანია “რუსთავი 2″– ის ეთერით 25 მარტს ისაუბრა: 

 

“როცა ზურაბი გარდაიცვალა, გარკვეული ხნის შემდეგ მისმა ოჯახის წევრებმა უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს, ძმამ, მეუღლემ. მე მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა, მე ვუთხარი, ნინო, რაზეა საერთოდ ლაპარაკი, შენ ხომ შემთხვევის ადგილზე იყავი, ნახე ყველაფერი როგორც იყო, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს, ან რაღაც სხვანაირად არის თუ რა ხდება–მეთქი. არ მგონიაო–მითხრა. შენთან რა პრეტენზია შეიძლება რომ მქონდესო, მაგრამ ზურას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ხომ იცი, რომ ბევრი ფული ჰქონდაო. მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს ფული და არ მგონია, რომ ზურაბს ჰქონოდა ფული–მეთქი, საიდან მოიტანე–მეთქი. ერთ–ერთმა მითხრაო, რომ 2 დღით ადრე მას ძალიან დიდი თანხა მისცაო და იმ თანხის ნაწილი მაინც მინდა, რომ ამოვიღო, რადგან ალბათ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით,  წაიღეს ეს თანხაო. მე ვუთხარი, გამოდს, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ და ჩვენ ვერ შევთანხმდებით–მეთქი. მერე გავარკვიე, რომ, როგორც ჩანს, პატარკაციშვილმა უთხრა [ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე–ჟვანიას], რომ გარდაცვალბემადე 2 დღის ადრე მისცა ბევრი ფული. ეს გააკეთა შეგნებულად, იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ჟვანიას ძმას ამუშავებდა ოფისში. როცა ასეთი ურთიერთობა იყო ძმასთან და ცოლთან, მე, რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ჟვანიას დედასთან. ამ კატეგორიებით ლაპარაკი, როცა საქმე ჩემი მეგობრის შეუბღალავ სახელს ეხება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი