კომენტარი

რა პირობებში მუშაობენ ჭიათურაში მაღაროელები [ფოტო/ვიდეო]

24 მარტი, 2014 • • 2328
რა პირობებში მუშაობენ ჭიათურაში მაღაროელები [ფოტო/ვიდეო]


პირველად 2010 წელს მოვედი აქ რამდენჯერმე, მუშების უფლებებზე ვწერდი ვრცელ სტატიას. მაშინ სულ ცოტათი, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე შეგვიშვეს მაღაროში და ერთ-ერთი ქარხნის მთავარ შესასვლელში, სადაც ნედლეული ირეცხება. შემდეგ უკვე 2012 წლის დიდი აქციების დროს დავბრუნდი. ათასობით მუშა იყო გაფიცული, მათ შორის რამდენიმე ათეული მუშა ორი კილომეტრის სიღრმეზე შიმშილობდა მაღაროში. აი, მაშინ ვნახე, როგორია მაღარო და იქ მუშაობა. მაშინ მუშების გასახდელი და აბაზანებიც ვნახე, თუმცა ქარხნებში არ შევსულვართ. წელს თებერვლის აქციების დროს ჩამოვედი, თუმცა არც მაღაროში და არც ქარხანაში შეგვიშვეს, მხოლოდ ტრესტის შენობის წინ აქციას დავესწარით და ერთ-ერთი ქარხანა გარედან დავათვალიერეთ.


ჭიათურის მოქმედი ქარხნები
ჭიათურის მოქმედი ქარხნები

ველა აქციის ბოლოს კომპანია დაპირებებს აძლევს მუშებს, რომ პირობები გაუმჯობესდება. გადის ერთი წელი და თავიდან იწყება აქციები, მერე ისევ დაპირებები. ორი დღის წინ ორი ჰოლანდიელი სტუდენტი ჩავიყვანე ჭიათურაში. მუშებმა იცოდნენ, რომ უნდა ჩავსულიყავით. ჩასვლისას ორსაათიანი ინტერვიუს დროს დეტალებში აღგვიწერეს, რა პრობლემები აქვთ: გაუგებარი ხელფასები, რომელიც ყოველ თვეს სხადასხვა ოდენობის ხდება, საკვები, რომელიც არასდროს არ იცვლება, შეიცავს რძის პროდუქტებს და ძეხვს, რომელსაც მარხვის დროს ვერ ჭამენ, თუმცა არ აქვთ უფლება, უარი თქვან საკვებზე და ხელფასიდან არ მოეჭრათ მისი საფასური; ვაუჩერები აქვთ წამლების, თუმცა ამბობენ, რომ ექიმები ისეთ წამლებს უწერენ, ჭიათურაში კიარა, საქართველოში ვერ ვპოულობთო; არსად, არც ერთ ქარხანაში ფანჯრები არ არის, იყინებიან, აბაზანა-ტუალეტები ჯოჯოხეთს ჰგავს დედამიწაზე, შვებულებებს ვერ იღებენ, ქარხნებამდე მისასვლელი გზები პრობლემაა, უსაფრთხოება არც მაღაროებში და არც ქარხნებშია დაცული, სპეც-ტანსაცმელი რიგდება ზომების და სპეციალობის გაუთვალისწინებლად და სხვა მრავალი.


ეს არის ერთ-ერთი მისასვლელი ქარხნამდე. ხე ძველია, ზოგან ამოვარდნილი. ზამთარში თოვლის და ყინვის გამო ძალიან რთულია გადასვლა.
ეს არის ერთ-ერთი მისასვლელი ქარხნამდე. ხე ძველია, ზოგან ამოვარდნილი. ზამთარში თოვლის და ყინვის გამო ძალიან რთულია გადასვლა.

ჩვენი რესპონდენტი მუშები თავის ცვლაზე შევიდნენ და დაგვპირდნენ, რომ შებინდებისას ქარხანაში შეგვიყვანდნენ. მანამდე ვინმე შოთასთან დავრჩით. შოთა არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ჭიათურაში. ძირითადად გარემოს დაცვის საკითებზე მუშაობს. ეკოლოგიურ პრობლემებზე გვესაუბრა. რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რაც ჭიათურაშია: ყვირილა საგანგაშოდ დაბინძურებულია და აბინძურებს შავ ზღვასაც, ქალაქში მარგანეცის მტვერი წამლავს ხალხს, მისი მოპოვების შემდეგ აღდგენითი სამუშაოები არ ტარდება და გარდა ამისა ნარჩენები სწორად არ ნაწილდება, რაც ხელს უშლის თუნდაც მომავალში ჩატარდეს რეკრეაციული სამუშაოები, ანუ მოსწორდეს მიწა, დაირგას ხეები; ჭიათურის სასმელი წყალი მარაგდება მიწისქვეშა მდინარეებით. როცა მადანს ღია კარიერებიდან მოიპოვებენ, დიდ ორმოებს ამოუვსებელს ტოვებენ. წვიმის დროს წვიმის წყალი ადვილად აღწევს მიწისქვეშა წყლებამდე; შედეგად, ონკანიდან ამღვრეული ყვითელი წყალი მოდის წვიმიან ამინდში.

 

შვიდი საათისთვის ერთ-ერთ ქარხანასთან მივედით. უკვე ბნელდებოდა. ერთ-ერთი მუშა დაგვხვდა შესასვლელთან და ჩუმად სათითაოდ შეგვიყვანა შიგნით. ქარხნის ყველა მისასვლელი ღრმა შავი ტალახის ბილიკებია. სულ, მგონი, 18 სართულია, თუმცა ორი სართული ერთ სართულად ითვლება. მთელი ფანჯარა არსად შემხვედრია. ყველა სართულზე წვიმს, როგორც გარეთ, და ორპირია, ცივა.


მუშის დღიური საკვები
მუშის დღიური საკვები

კიბეები ან დანგრეულია, ან ჩანგრეული, ან უცნაურად გამაგრებული, რომ არ ჩავარდე. ძირს, სართულებზე მადნის გორებია. როგორც გვიხსნიან, ასე არ უნდა იყოს, უბრალოდ, ტექნიკა ძველია, მილები დახვრეტილი, ხან საიდან იყრება, ხან – საიდან. პერიოდულად რომელიმე მუშა დამატებით უნდა მივიდეს და ეს მარგანეცი საჭირო ადგილას დააბრუნოს.

 

ამდენ სართულზე ერთი ტუალეტია და უმეტესობა მუშისთვის არ შეიძლება ადგილის დიდხანს დატოვება ზედამხედველობის გარეშე. ასევე, ერთ ადგილას მოდის სასმელი წყალი. ამ ქარხანაში მუშათა დიდი ნაწილი ქალია. აი, მაია, მაგალითად, ამ ოთახშია მთელი დღე. აკონტროლებს, რომ დანადგარები სწორად მუშაობს და არავის სიცოცხლე საფრთხეში არაა.


პირველ სართულზე ქალების აბაზანაა, მეორეზე – კაცების. არც ერთგან ფანჯრები არაა, ძირს წყალი გროვდება
პირველ სართულზე ქალების აბაზანაა, მეორეზე – კაცების. არც ერთგან ფანჯრები არაა, ძირს წყალი გროვდება


კაცების აბაზანა და გასახდელი
კაცების აბაზანა და გასახდელი

ხათუნა ახლად მიღებული ნედლეულისგან ნაგავს იღებს ხელით, შეშა, კაბელები, სხვა რკინა, არასაჭირო ქვები და ა.შ. კიდევ ერთი ქალი ნიჩბით ასუფთავებს მადნის გორებს.

 

მექანიკოსების ოთახში კედელზე დაბადების დღეები წერია მუშების. ვულოცავთო ერთმანეთს, ასე არ დაგვავიწყდებაო.


მექანიკოსების ოთახი
მექანიკოსების ოთახი

მაღაროები ქალაქის თავზეა ძირითადად. საბაგირო გზებით მადანი ქარხნის ბოლო სართულზე შემოდის პირველად. ყველა სართულზე სხვადასხვა დანადგარში გაივლის და ბოლოს სუფთა და გარეცხილი მადანი ზესტაფონში იგზავნება. ყველა ქარხანა და მაღარო მუშაობს 24 საათს. არასდროს ტარდება დანადგარების ან დაწესებულების რემონტი. არაფერი იცვლება. მხოლოდ ადგილზევე ხდება შეკეთება, თუ რამე მწყობრიდან გამოვიდა. ღამით უცნაური სიბნელეა, მთელს ქარხანაში მომწვანო და მოწითალო შუქები ბჟუტავს. მრეცხავები მთელი დღე სველი ტანსაცმლით მუშაობენ და თითქმის სულ წყალში დგანან. ზამთარში უფანჯრობის გამო ორპირ ქარში უწევთ მთელ დღეს მუშაობა. ცენტრალური გათბობა არ არის. მუშებს მოაქვთ ხოლმე სხვადასხვანაირი გამათბობლები, ან კიდევ ბრეზენტით და პარკებით ამაგრებენ ფანჯრებს, რომ არ გაიყინონ. ყველა სართულზე, სულ ყველგან ორმოებია, ფართო ორმოები. სიბნელეში, თუ არ იცი, რომ სადღაც ორმოა, მოგტყდება ფეხი ან საერთოდაც დაბლა ჩავარდები.


ადრე აქ საწვიმარი მილი გადიოდა, რომელიც აღარ არსებობს. ორმოები არ შეკეთებულა
ადრე აქ საწვიმარი მილი გადიოდა, რომელიც აღარ არსებობს. ორმოები არ შეკეთებულა

გასახდელი, საპირფარეშო და სხვა უკვე აღარ მიკვირს. ამ ყველაფრის ფონზე აბსოლუტურად ყველა მუშა მხიარულად გვხვდება. ხუმრობენ, რაღაცებს ყვებიან, იცინიან. აი, ის მთავარი მუშა, რომელიც თავის ერთადერთ სამსახურს რისკავს ჩვენი ქარხანაში შეპარვით, მე მიხდის მადლობას, რომ უცხოელები მოვიყვანე და რომ ვინტერესდები მათი პირობებით. იმედი აქვთ, რომ საქართველო თუ არა, სხვა ქვეყანა მაინც დაინტერესდება მათი პირობებით, იქნებ რამე შეიცვალოსო ჩვენთვის.


ღამით თითქმის ყველგან ბნელა
ღამით თითქმის ყველგან ბნელა

ერთადერთი ადგილი 18 სართულზე, სადაც წყლის დალევა შიეძლება
ერთადერთი ადგილი 18 სართულზე, სადაც წყლის დალევა შიეძლება

მასალების გადაბეჭდვის წესი