კომენტარი

“მინისტრს უნდა გაუჩნდეს კითხვები ცალკეული პოლიციელების მიმართ”

10 მაისი, 2013 • 1294
“მინისტრს უნდა გაუჩნდეს კითხვები ცალკეული პოლიციელების მიმართ”

როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური იყო შს მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების შეფასებები პირველ მაისს გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით?


“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მიიჩნევს, რომ ის ძალა, რაც გამოყენებულ იქნა მანიფესტანტთა წინააღმდეგ, იყო არაპროპორციული და ეს ჩანს იმ კადრებში, რომლებიც ჩვენ ვნახეთ. თუნდაც აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც იყვნენ არა სავალი გზის ნაწილზე, არამედ ბორდიურზე და არ არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არც წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასაბუთებს, რომ ცალკეული მონაწილეების მხრიდან იყო დესტრუქციული ქმედებები და მათ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ მიმართ პოლიციის მოქმედება შესაძლოა ყოფილიყო სწორი, მაგრამ ასეთი ფაქტები უნდა იყოს დადასტურებული სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა გავრცელებული კადრებიდან გამომდინარე ძალიან გაუჭირდება შს სამინისტროს დაასაბუთოს მისი ქმედებების სისწორე.


დაკავებულებიც და თვითმხილველებიც აღწერენ პოლიციელთა ქმედებებს. გარდა ამისა, თვითონ აქცია იყო მშვიდობიანი, ამიტომ მშვიდობიანი აქციის პირობებში გასაკვირია დაკავებულთა რაოდენობა. როცა ამდენი კითხვის ნიშანი არსებობს, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებთან მიმართებაში, მინისტრს უნდა გაუჩნდეს კითხვები ცალკეული პოლიციელების მიმართ, რომლებიც არაპროპორციულ ზომებს იყენებდნენ. ამიტომ, მინისტრის შეფასება, რომ პოლიციელების ქმედება იყო ადეკვატური, ბუნებრივია არ შეიძლება იყოს სწორი.


ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “თუ გნებავთ მიიღოთ ქაოსი, მაშინ საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს გუშინდელი ტიპის აქციებს, თუ გინდათ დაწყნარებულ სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ პოლიციამ უნდა დაიცვას წესრიგი”. მსგავსი განცხადებები კეთდებოდა მერაბიშვილის მინისტრობის დროსაც. იყო თუ არა პირველი მაისის აქციაზე პოლიციის ქმედება მხოლოდ წესრიგზე ორიენტირებული და როგორი უნდა იყოს ამაზე საზოგადოების რეაქცია?


ლინა ღვინიანიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
ლინა ღვინიანიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

ქაოსსა და წესრიგს შორის არსებობს სერიოზული ზღვარი. სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ეს ზღვარი ზუსტად გაავლოს. ერთი მხრივ, მან არ უნდა დაუშვას ქაოსი, რაც ბუნებრივია სახელმწიფოს მოვალეობაა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების გამოხატვის თავისუფლებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის ხარჯზე. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს შეზღუდოს ეს თავისუფლება, ამისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი. გარდა ამისა, მან შემზღუდველი საშუალება უნდა გამოიყენოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ბოლო შემთხვევაში კი დაკავებები გამოიყენებოდა არა როგორც უკიდურესი ზომა, არამედ, როგორც სტანდარტული მიდგომა, რასაც ადასტურებს დაკავებულთა ის რიცხვი, რომელიც საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ აქციის დღეს. ამიტომ, საზოგადოების მოვალეობაა, ეს ქმედებები ადეკვატურად შეაფასოს. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო ამ ზღვარს გადავიდა და მისი ქმედებები არაპროპორციული იყო. 


აჭარის პოლიციის მაღალჩინოსან ვალერი თელიასა და საიას თანამშრომელს შორის მომხდარი ინციდენტის დროსაც შს სამინისტრომ ფაქტების არსებობის მიუხედავად მაინც პოლიციელის მხარე დაიჭირა და განაცხადა, რომ ის “პოლიციის მუნდირს” დაიცავს. გამოდის, რომ სახელმწიფოსთვის მართალი ყოველთვის პოლიციელია?


ზუსტი სამართლებრივი პასუხის გაცემა ამაზე რთულია. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ითქვას, იყო თუ არა სახელმწიფოს მხარეს სიმართლე. თუმცა ბოლო შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა არ იყო პროპორციული და თელიას შემთხვევაც გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას, რომ შს სამინისტრო არ უშვებს შეცდომებს. სამინისტრო ამ ორ შემთხვევაში იყო ძალიან თავდაჯერებული და ამბობდა, რომ პოლიცია იყო მართალი. თუმცა, ორივე შემთხვევაში საპირისპიროს მტკიცება არის აბსოლუტურად დასაბუთებული. 


სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ აქციის დროს ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების ხელშეშლის ფაქტს, იყო თუ არა ეს განცხადება საკმარისი არგუმენტი შს მინისტრისთვის, რომ განსხვავებული რეაგირება ჰქონოდა მომხდარზე? 


სახალხო დამცველი არის მნიშვნელოვანი წყარო. ამიტომ, როცა ის ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს სახელმწიფოს მხრიდან, ეს აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან შესწავლის საგანი. უფრო ადრე, სახალხო დამცველი ბათუმის ინციდენტსაც გამოეხმაურა, სადაც ამბობდა, რომ ბოლო დროს პოლიციელთა მხრიდან შეინიშნებოდა მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ესეც არის მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც პრობლემის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს და უნდა გახდეს რეაგირების საგანი სამინისტროს მხრიდან. 


კადრები, რომელიც გავრცელდა, არის საკმარისი მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ პოლიციამ ნამდვილად შეუშალა ჟურნალისტებს ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში? და თუ კი, მაშინ უნდა დადგეს თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი? 


კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს არ ეძლევა მუშაობის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიციელს არ უშლის ხელს, პოლიციელი მაინც უთითებს, თუ სად უნდა დადგეს, რომ შორი მანძილიდან უნდა გადაიღოს. ხელშეშლა არის სახეზე და მინიმუმ ეს არის საკმარისი, რომ დაიწყოს რაღაც ტიპის საქმის წარმოება, იმ პოლიციელთა მიმართ, რომლებმაც განახორციელებს ხელშეშლა. თუ რა ტიპის პასუხისმგებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის შემდგომი კვლევის საგანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი