ახალი ამბები

შუალედური არჩევნების შედეგები ნაძალადევში

27 აპრილი, 2013 • 2809
შუალედური არჩევნების შედეგები ნაძალადევში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი ასეთი შედეგის მიუხედავად, “ქართული ოცნების” რეიტინგის პრობლემას ვერ ხედავს და შუალედურ არჩევნებში თბილისში მიღებულ შედეგებს სხვა ფაქტორს უკავშირებს.

“კი, ცოტა კლება არის და ჩანს კიდევაც კვლევებში, მაგრამ ეს არის უმნიშვნელო კლება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის შუალედური არჩევნები და შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლების დასწრება, ამომრჩეველთა მოსვლა არის ყოველთვის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივ არჩევნებში. ჩვენ თუ ამას შევადარებთ და ასეთი პროცენტულობით დავითვლით, ვნახავთ, რომ არც თუ ისე მაღალია კლება, თუმცაღა კონკურენცია იყო მართლაც სერიოზული. აქ არ იყო მხოლოდ ორ ძალას შორის კონკურენცია, იყო დამოუკიდებელი კანდიდატები, გახლდათ ლეიბორისტული პარტია, გახლდათ კახა კუკავა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა და რომელმაც მართლაც სერიოზულად იბრძოლა ამ არჩევნებისთვის,”- აცხადებს იმერლიშვილი.

კახა კუკავამ “თავისუფალი საქართველო”-დან 2013 წლის შუალედურ არჩევნებში მეორე ადგილი, 17.26% (6772 ხმა) მიიღო და თითქმის, 2% -ით გაუსწრო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, მირზა დავითაიას 15.11% (5926 ხმა), რომელმაც ასევე, “ქართული ოცნების” მსგავსად, თბილისში, შუალედურ არჩევნებში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით (23.94%), ნაკლები რეიტინგი აჩვენა.

სწორედ კახა კუკავას მეტოქეობის ეშინოდა “ქართული ოცნების” კოორდინატორებს შუალედური არჩევნების დღეს.

“არ გვეგონა, თუ ასე გაგვიჭირდებოდა ამ არჩევნებზე მუშაობა. აქამდე თუ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ “ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებდა, ბოლო კვირებმა აჩვენა, რომ მთლად ასეც არ იყო. ახალი ხელისუფლებით, იმედები გაუცრუვდა საზოგადოებას, მეტს ელოდნენ, ალბათ. მაგრამ ამ დღეებში ბევრი ვიმუშავე ამომრჩეველთან, ვნახოთ,”- ამბობდა შუალედური არჩევნების დღეს, 27 აპრილს, “ქართული ოცნების” კოორდინატორი, რომელიც ნაძალადევის ოლქის #83 საარჩევნო უბნის ეზოში მხარდამჭერ ამომრჩეველს სიით ხელში ელოდა.

კოორდინატორების, რომლებიც წლების მანძილზე, საქართველოში, როგორც წინაასაარჩევნო პროცესის, ასევე არჩევნების დღის ერთ-ერთ განუყოფელი ნაწილია, უმეტესობა, 27 აპრილის არჩევნების დღეს, “ქართული ოცნებისთვის” მუშაობდა.

ბევრი მათგანი, როგორც წინა წლებში,  მედიის წარმომადგენლებთან არ ამხელდა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უბნის კოორდინატორი იყო.

ზოგიერთი მათგანის განმარტებით, მათ, როგორც მმართველი გუნდის მხარდამჭერებს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ამომრჩეველთან სერიოზული მუშაობა დაჭირდებათ.

“ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეიტიგნის შემცირებაზეა საუბარი NDI-ის ბოლო კვლევაშიც, სადაც ნათქვამია, რომ  გასული წლის ნოემბერთან შედარებით პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი 5%-თაა შემცირებული. თუმცა, ამ კვლევებს არ ენდობა თავად პრემიერი, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ რეიტინგებს მისთვის „ფასი არ აქვს.“  

უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, შუალედურმა არჩევნებმა, არა მმართველი პარტიის რეიტინგის კლება, არამედ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობა აჩვენა.

“მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის წინაშე დადგა ნაძალადევის მოსახლეობა. სამტრედაში რა მოხდა აბა, 80% რატომ მიიღო მმართველმა გუნდმა? იმიტომ რომ იქ კონკურენტები იყვნენ ისეთი, გადანაწილდა ეს ხმები. გარდა ამისა, შუალედურმა არჩვევნებმა აჩვენა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ჩატარდა არჩევნები 27 აპრილს. ”- ამბობს ძიძიგური.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი, თბილისში, შუალედური არჩევნების პროცესში არ წამოჭრილა, არც არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, და არც თავად პოლიტიკური პირების.

რაც შეეხება საჩივრებსა და განცხადებებს, რომლებიც არჩევნების პროცესში ნაძალადევის ოლქში დაიწერა, მათი რიცხვი 1 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილ საჩივრებს აღემატება.

ცესკოს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად, 27 აპრილის არჩევნების პროცესში, ნაძალადევის ოლქში სამტრედიასა და ბაღდათთან შედარებით, ყველაზე მეტი საჩივარი და განცხადება დაიწერა – ჯამში 50, მაშინ როდესაც 1 ოქტომბრის არჩევნებზე განცხადებებისა და საჩივრების რაოდენობა 34 იყო.

ცესკოში განმარტავენ, რომ შემოსული საჩივრებიდან არც ერთს, მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.

2013 წლის შუალედური არჩევნების საბოლოოს შედეგების წარდგენილის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 16 მაისია.

 

 

 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი