ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაი: საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი უჩვენა

18 ოქტომბერი, 2012 • 2038
ჯეიმს აპატურაი: საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი უჩვენა

გვიან ღამით თბილისს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვია. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე, მთავრობის ახალ წევრებსა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან.

“საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი უჩვენა. ამიტომ მოხარული ვარ, აქ რომ ვიმყოფები. ველოდები შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე, მომავალი მთავრობის წევრებთან და ბატონ ივანიშვილთან. მინდა მოვისმინო ორივე გუნდის გეგმები”, – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას.

“ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.  ჩატარებული არჩევნები იყო გამოცდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში და ქვეყანამ ეს გამოცდა ჩააბარა. მთავრობა შეიცვალა საარჩევნო ყუთების და არა ქუჩის აქციების საშუალებით. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ ქვეყნისთვის და მაგალითია რეგიონისთვის და მის საზღვრებს გარეთ. ამჟამად მთავრობის ცვლილების პერიოდია. ძველი მთავრობა ოპოზიციაში გადადის. ეს ხდება კანონის ფარგლებში და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ეს ასევე უნდა გაგრძელდეს.

რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სწორედ იგივე მოუწოდა ბატონ სააკაშვილსა და ბატონ ივანიშვილს. ამჟამად მოვლენებს ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს, რათა დარწმუნდნენ, რომ პროცესი ისეთივე წარმატებით გრძელდება, როგორც აქამდე იყო”, – აღნიშნა თბილისში მყოფმა ჯეიმს აპატურაიმ

მასალების გადაბეჭდვის წესი