ახალი ამბები

ციხეებში საკვების ვარგისიანობას კომისიები გააკონტროლებენ

7 ოქტომბერი, 2015 • 1274
ციხეებში საკვების ვარგისიანობას კომისიები გააკონტროლებენ

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, ინსპექტირების კომისია ყველა დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. მათი ინფორმაციით, კომისიების შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ექიმი, დაწესებულების ადმინისტრაციის და უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლები.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, კომისიები შეამოწმებენ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული კვების ულუფის ოდენობას; პროდუქტებისა და მზა კერძების განთავსების ადგილის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს; საკვების მიწოდების დროს დღის განრიგთან შესაბამისობაში; კვების პროდუქტების ხარისხსა და წარმომავლობას. მათი ინფორმაციით, პროდუქტის ან მზა კერძების დაწუნების შემთხვევაში, კომისია მას შესამოწმებლად დამოუკიდებელ ექსპერტს გადაუგზავნის.

 

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების ინსპექტირებას, უწყების ინფორმაციით, კომისიები მაღაზიებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს შეამოწმებენ. მათი ცნობით, ყურადღება მიექცევა შეტანილი პროდუქტების ვადებს, ღირებულებებს, პროდუქციის რაოდენობასა და სახეობებს.

 

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის კანონით გათვალისწინებული ყველა სერვისის სათანადოდ მიწოდება და უზრუნველყოფა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გლდანის ციხე
გლდანის ციხე

მასალების გადაბეჭდვის წესი