ახალი ამბები

მაღალი თანამდებობის 800 პირს 2016 წლის 1 იანვრამდე პრემიის მიღება შეიძლება შეეზღუდოს

25 სექტემბერი, 2015 • • 1498
მაღალი თანამდებობის 800 პირს 2016 წლის 1 იანვრამდე პრემიის მიღება შეიძლება შეეზღუდოს

ზაქარია ქუცნაშვილის ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შევა. პარლამენტის წევრის განმარტებით, ამ ცვლილების ინიცირება განაპირობა ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ.

 

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საბიუჯეტო რესურსების შეზღუდულობის გამო და საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ მხარდასაჭერად საბიუჯეტო ხარჯების სხვა მიზნით გამოყენება საჭიროა, რათა მეტი თანხა მოხმარდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე პრემიის მიღების უფლება შეეზღუდება 25 მაღალი რანგის დაახლოებით 800-მდე თანამდებობის პირს. აქედან 24 რანგი ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანადებობის პირებს და მათ მოადგილეებს, ხოლო ერთი, ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავმჯდომარეს, მერსა და გამგებელს.

 

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, თანამდებობის პირთა რანგები აღებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობის პირთა წრიდან იმ შერჩევით, რომ კანონპროექტით ინიცირებული შეზღუდვა არ შეეხება საჯარო სამსახურის საშუალო და, მით უმეტეს, დაბალი რანგის მოსამსახურეებს.

 

ცვლილების მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან კანონი დაასრულებს მოქმედებას (დაკარგავს ძალას) ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე, თუ რა თქმა, უნდა პარლამენტი არ ჩათვლის საჭიროდ 2015 წლის საშემოდგომო სესიაზე გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა.

 

კანონპროექტით, მისი ამოქმედებიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პრემიის მიღების უფლება შეუჩერდებათ შემდეგ თანამდებობის პირებს:

 

საქართველოს პარლამენტის წევრს, მინისტრს (სახელმწიფო მინისტრს) და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს.

 

შეზღუდვა ასევე შეეხება საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს, გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, მოსამართლეს, საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს – საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს და გემგებელს.

 

კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

ფული
ფული

მასალების გადაბეჭდვის წესი