ახალი ამბები

განათლების მინისტრმა არ იცის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა

17 სექტემბერი, 2015 • 900
განათლების მინისტრმა არ იცის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველს არ წარმოადგენს, რომ უკვე ნამსჯელ საკითხზე გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 17 სექტემბერს.

 

მინისტრმა ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად  ცნო კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ გატარებული ნებისმიერი სისხლის სამართლის ფარგლებში.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებები, არის საბოლოო.

 

სანიკიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე  საკუთარ განმარტებასთან ერთად პროცესს კომიკური უწოდა:

 

“რაც მართლა გაუგებარია და ცოტა კომიკურიც, ეს არის, საკუთარი კანონების ცნობა რომ დაიწყეს არაკონსტიტუციურად, ეს უფრო დასაფიქრებელია, მე ვფიქრობ.

 

თუ ასეთი არაკონსტიტუციური იყო კანონი, ამ კანონით ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება ძალიან ბევრი წლის მანძილზე. კიდევ რა სიურპრიზები გამოჩნდება, დაველოდებით”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.  

თამარ სანიკიძე, ბრიფინგი სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებასთან დაკავშირებით. 03.09.2015. ფოტო: ნეტგაზეთი
თამარ სანიკიძე, ბრიფინგი სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებასთან დაკავშირებით. 03.09.2015. ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი