ახალი ამბები

ქარტიის საბჭო: “იმედის” განცხადება უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს

30 აგვისტო, 2015 • • 953
ქარტიის საბჭო: “იმედის” განცხადება უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს

“ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუს დახურვა უარყოფითად აისახება როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სეზონის გახსნის 2016 წლამდე გადატანა სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური დისკურსის საკმაოდ ხანგრძლივ დეფიციტს წარმოქმნის.


ამავე დროს, არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭოს შეუსაბამოდ მიაჩნია გადაწყვეტილების გასაჯაროებისა და არხის რეიტინგული წამყვანის გათავისუფლების ფორმაც.


ტელეკომპანია “იმედის”, როგორც კერძო არხის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, ცვლილებების განხორციელების სრული უფლება აქვს, თუმცა მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა და ლეგიტიმური მოლოდინი, ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ. “იმედის” ოფიციალური განცხადება კი ამგვარ ინფორმაციად ვერ ჩაითვლება, რადგან ის უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს. მიგვაჩნია, რომ მაუწყებელმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს საზოგადოების მიმართ და ყველაფერი გააკეთოს იმის დასამტკიცებლად, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული”, – ნათქვამია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი