ახალი ამბები

კორძაია: მისასალმებელია, რომ მოსწავლეებმა ქართველი გმირების შესახებ მეტი იცოდნენ

4 აგვისტო, 2015 • 1736
კორძაია: მისასალმებელია, რომ მოსწავლეებმა ქართველი გმირების შესახებ მეტი იცოდნენ

“ის, რომ საქართველოს მოსწავლეებმა ქართველი გმირების შესახებ მეტი იცოდნენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. სასწავლო პროგრამაზე მომუშავე ადამიანებმა უნდა გაიარონ ეს საკითხი და ამის შემდეგ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება,”– ამბობს თამარ კორძაია. 

 

ინიციატივა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი განათლების მინისტრს, თამარ საკინიძეს შეხვდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა და დღეს, 4 აგვისტოს მინისტრები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ სასკოლო კონკურსებს, უზრუნველყოფენ საინფორმაციო საგანმანათლებლო ექსკურსიებსა და სხვა სასწავლო რესურსებს.

 

გუშინ თავდაცვის მინისტრის მოადგლემ ანა დოლიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ძალიან ხშირად, საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში, გამორჩენილია მნიშვნელოვანი ამბები ქართველი გმირების შესახებ. ანა დოლიძე ამბობს, რომ უფრო კონკრეტულად, არის საუბარი 2008 წელს დაღუპული პირების შესახებ, რომლებმაც გამოავლინეს გმირობა, მაგალითად, გიორგი ანწუხელიძემ.

 

“ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში კონკრეტულად უფრო დაზუსტებულიყო მათი გმირობის ისტორია. მე მგონი უდავოა, რომ საჭიროა ჩვენ მომავალ თაობებს ვასწავლოთ ის განსაკუთრებული ზნეობრივი საქციელი, რომლებიც ამ პირებმა ჩაიდინეს,”– განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ანა დოლიძის თქმით, ისინი ფიქრობდნენ, რომ თავდაცვის და სამხედრო ისტორია ყოფილიყო არჩევითი საგანი, რომელსაც მოსწავლეები საკუთარი სურვილით აირჩევდნენ და ისწავლიდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის განვითარების ისტორიას. 

 

გუშინვე ამ საკითხთან დაკავშირებით წერდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც. ხიდაშელის განცხადებით, ამ ტიპის სწავლებაზე დისკუსია დაიწყო ლიცეუმში, სადაც ბოლო 3 კლასის მოსწავლეები სწავლობენ: 

 

“დისკუსია კი ძირითადად სამ სხვადასხვა მოდელზე წარიმართა: 1. სამხედრო სწავლება სკოლებაში (რომელსაც ჩემდა გასახარად ძალიან ცოტა მხარდამჭერი აღმოჩნდა) 2. პირობითი სახელი რომ დავარქვათ ჩვენი ეროვნული ამოცანების შეტანა სკოლის ოფიციალურ კურიკულაში, რაც ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლებ მოხდეს: ისტორიის, გეოგრაფიის და ა.შ. საგნების სხვაგვარი სწავლება, თუკი ქვეყანა შეთანხმდება რომ ეს მნიშვნელოვანია; 3. სამოქალაქო თავდაცვის სეგმენტის გაძლიერება, პრაქტიკული უნარჩვევების რეალურად სწავლება, და არა ისე მეათეხარისხოვან საგნად. მეორე და მესამე ერთმანეთის ალეტრანტივა არ არის და შეიძლება ორივე მოხდეს ერთად,”– წერს ხიდაშელი.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მოსახლეობასთან ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიების დაწყება სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი