ახალი ამბები

კალაძის გამოხმაურება ჯაჭვლიანზე: მე არ ვარ იმნაირი

22 ივლისი, 2015 • 1055
კალაძის გამოხმაურება ჯაჭვლიანზე: მე არ ვარ იმნაირი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ხელისუფლება EBRD-თან აქტიურად თანამშრომლობს. მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა წლევანდელი წელი ენერგეტიკაში პრიორიტეტად გამოაცხადა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

 

”რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ ბანკთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს დაფინანსებული ენერგოსექტორში წლების განმავლობაში. წლებია უკვე ეს თანამშრომლობა გვაქვს და მათ წლევანდელი წელი ენერგეტიკაში პრიორიტეტად გამოაცხადეს და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება განახორციელეს, ისეთი პროექტების, როგორიც არის დარიალის ჰიდროელექტროსადგური, ასევე ბათუმში – ”ტატა ფაუერი”. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგი, თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა ამ პროექტებთან მიმართებაში იქნება წარმატებული,” – ამბობს ვიცე-პრემიერი ”იმედთან” საუბრისას.

 

დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა EBRD ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, რასაც ინტერნეტში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

 

”ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ მან ბრძანა, პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში. ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას, ამიტომ, ნა-იბიარდები ქვეყნის სტაგნაციიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ 14-15 მაისს თბილისში გაიმართა EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი. ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვია.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე. ფოტო: კალაძის Facebook-ის გვერდიდან
კახა კალაძე. ფოტო: კალაძის Facebook-ის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი