ახალი ამბები

კალაძე: ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია იმ რესურსების ათვისება, რაც გაგვაჩნია

22 ივლისი, 2015 • 1026
კალაძე: ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია იმ რესურსების ათვისება, რაც გაგვაჩნია

როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, საქართველო დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო არ არის ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დადებითია და ეს ეკონომიკის ზრდაზე მიუთითებს:

 

”ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დაახლოებით 240 მილიონი იქნა დახარჯული და 237 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული თბოელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა საქართველოში. მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ენერგიის კუთხით ვართ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით ჩვენ გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი. ეს იმ პირობებში, როცა ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. ის, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, რა თქმა უნდა, დადებითია, მისასალმებელია, რადგან ეს მიუთითებს იმას, რომ ეკონომიკა იზრდება.”

 

კახა კალაძე ტელეკომპანია ”იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ მომავალ წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება უფრო მაღალი. ვიცე-პრემიერის თქმით, უნდა განხორციელდეს ყველა ენერგოპროექტი, რომ არ ვიყოთ მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული.

 

”მე დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება უფრო მაღალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რესურსები, ის წყლის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, იყოს რაციონალურად ათვისებული. რამდენადაც არ უნდა იყოს პოპულარული იმაზე საუბარი, რომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენდა სამწუხაროდ, ვართ ამ რეალობის წინაშე: იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად უნდა ავითვისოდ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს პროექტები იყოს განხორციელებული და არ ვიყოთ მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული,” – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

 

დღეს სემეკმა სამ კომპანიას ელექტროწარმოების ტარიფი გაუძვირა. კომისია ხვალ იმსჯელებს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების თაობაზე. მოქალაქეების ჯგუფმა დღეს, 22 ივლისს, 11:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან აქცია გამართა. ისინი მოითხოვენ, რომ სემეკმა ელექტროენერგიის და წყლის ტარიფს არ გადახედოს.

კალაძე კახა
კალაძე კახა

მასალების გადაბეჭდვის წესი