ახალი ამბები

აქციის “არა პანორამას” მონაწილე: დაკავებული ქალები გამოგვიშვეს, კაცები – არა

19 ივლისი, 2015 • 1529
აქციის “არა პანორამას” მონაწილე: დაკავებული ქალები გამოგვიშვეს, კაცები – არა

“გამოშვების წინ როცა მითხრეს, რომ თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ გაბრძანდეთ, ვკითხე, რომ მე რატომ მიშვებთ და დანარჩენებს რატომ ტოვებთ, მითხრეს, რომ თქვენ გოგონა ხართ, მანდილოსანი ხართ და ისეთს არაფერს ჩაიდენდით,”– უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

 

იმას, რომ მხოლოდ მდედრობითი სქესის დაკავებულები გამოუშვეს, მათი ადვოკატი, საიას იურისტი ნონა ქურდოვანიძეც ადასტურებს.

 

ელენე მალაშევსკი–ჯაყელი ამბობს, რომ 4 გათავისუფლებული ქალიდან 2–ს ხელწერილი დააწერინეს, 2 კი  ხელწერილის გარეშე გამოუშვეს.

 

შსს–ში არ აკონკრეტებენ, თუ დაკავებულთაგან ვინ გამოუშვეს, თუმცა აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა არც ერთ მათგან არ მოხსნია და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

 

სულ 10 ადამიანია დაკავებული. აქედან  8–ს 166–ე მუხლი აქვს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს; ერთ–ერთს აქვს წაყენებული 166–ე და 45–ე მუხლები, რაც წვრილმანი ხულიგნობის გარდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა/შენახვას ან მოხმარებას გულისხმობს; “ტაბულას” ფოტორეპორტიორი, ალექსანდრე გიორგაძე კი 166–ე და 173–ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

 

თავდაპირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. აქციის სხვა მონაწილეებმა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად ფურცლებზე მათაც იგივე წარწერა გააკეთეს. სამართალდამცავები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ აღნიშნული წარწერა დაემალათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს.

 

ელენე მალაშევსკი-ჯაყელი (მარჯვნივ) ფოტო– ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე. 19.07.2015
ელენე მალაშევსკი-ჯაყელი (მარჯვნივ) ფოტო– ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე. 19.07.2015

ფოტო– ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე. 19.07.2015
ფოტო– ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე. 19.07.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი