ახალი ამბები

კრიზიების საბჭო მოსახლეობას მიმართავს, არ გადაადგილდნენ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე

17 ივნისი, 2015 • 1678
კრიზიების საბჭო მოსახლეობას მიმართავს, არ გადაადგილდნენ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, მტაცებელი ცხოველების შესახებ ყველა ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, რაზეც ყოველთვის ხდებოდა ხაზგასმა საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებებში. კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, ეს ინფორმაცია მოწმდებოდა სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან.

 

“ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ საჯაროდაც არაერთხელ დაადასტურა, რომ საშიშროება არ არსებობს და ყველა გარეული ცხოველი ან მოთავსებულია ვოლიერებში, ან დაღუპულია, რაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით იქნა გავრცელებული.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, საბჭოს აპარატმა არაერთხელ გადაამოწმა ქ.თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციიდან ცხოველების შესახებ ინფორმაცია, რაზეც ყოველ ჯერზე ზოოპარკის ადმინისტრაციის პასუხი იყო, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკის გარეთ არ იმყოფებოდნენ და, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის საფრთხე არ არსებობდა.

 

ამასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა არაერთხელ შესთავაზეს ზოოპარკის ადმინისტრაციას ცხოველების აღრიცხვაში დახმარება, რაზეც ზოოპარკის ადმინისტრაცია უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ ის ამ საქმეს საკუთარი ძალებით განახორციელებდა,” – წერია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო განცხადებაში.

 

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაძიძემ გუშინ, 16 ივნისს, “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ეძებდნენ ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მისი თქმით, გუშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ეს ცხოველები ცოცხლები იყვნენ თუ არა.

 

თბილისის ზოოპარკის მიმდებარედ დატბორილი გმირთა მოედანი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015
თბილისის ზოოპარკის მიმდებარედ დატბორილი გმირთა მოედანი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი