ახალი ამბები

ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისთვის დეპუტატებს მიმართავს

10 ივნისი, 2015 • • 1097
ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისთვის დეპუტატებს მიმართავს

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო პროცედურებს მართავენ პარლამენტში. კერძოდ, კაციტაძის თქმით, მათ ამ პროცედურის წამოსაწყებად უკვე დაიწყეს დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება და ამ დროისთვის შეგროვილი აქვთ 59 ხელმოწერა. 

 

“ჯამში, საჭიროა 76 ხელმოწერა, დარჩენილია 17 ხელმოწერა იმისათვის, რომ ეს ცვლილება დარეგისტრირდეს. ამ 59 ხელმოწერიდან არც ერთი არ არის კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის და აქედან გამომდინარე, რესურსი იმისა, რომ ხელმოწერებს სრულად შევაგროვებთ, გვაქვს ძალიან დიდი”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

მამუკა კაციტაძემ დღესვე მიმართა კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების – “ეროვნული ფორუმის”, “კონსერვატორებისა” და “რესპუბლიკელების” ლიდერებს – გუბაზ სანიკიძეს, ზვიად ძიძიგურსა და დავით უსუფაშვილს, რომ დარჩნენ საკუთარი პრინციპების ერთგულნი და არ გაცვალონ პირადი პრინციპები სავარძელზე. მისივე თქმით, “რესპუბლიკელები” წლების მანძილზე იბრძოდნენ ამ ცვლილებბისთვის და დადგა დრო, რომ შეუართდნენ ინიციატივას.

 

ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ისინი გამოიყენებენ ყველა მეთოდსა და ფორმას ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობენ:

 

“ბრძოლის მეთოდებში არ მოვიაზრებთ მაინცდამაინც შიმშილობასა და აქციებს. არსებობს გაცილებით ეფექტური მეთოდები, როგორც პარლამენტს შიგნით, ისე გარეთ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ვაპირებთ”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

მისივე თქმით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სამ პირს, ესენია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი.

 

“ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ გაიხანგრძლივოს თავისი არაფორმალური მმართველობა ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ უნდა შეინარჩუნოს მახინჯი საარჩევნო სისტემა და დაეყრდნოს იმ წვრილ ფეოდალებს, რომლებიც სისხლს წოვენ მოსახლეობას. ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, რომ წამოგვეყენებინა ეს ინიციატივა. საჭიროა ხელისუფლების მოქმედების პარალიზება. მივმართავთ საპარლამენტო უმრავლოსაბასაც და უმცირესობასაც, რომ ჩაერთონ ამ პროექტში”, – განაცხადა ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.

 

2015 წლის 30 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციით დაკომპლექტებულმა ინტერპარტიულმა ჯგუფმა, საპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერეს მემორანდუმს: 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ (მათ შორის არ არის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი), 2 ივნისს მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რომ შევიდეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტში.

 

ახალშეთავაზებული მოდელის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობა უნდა შეირჩეს მხოლოდ პარტიების მიერ შემუშავებული პროპორციული სიით შემდეგნაირად: 75 მანდატი ეროვნულ დონეზე შედგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდება, ხოლო 75 კანდიდატი რეგიონული ნიშნით შეირჩევა.

 

5 ივნისს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გამართა საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრთან ერთად, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები მოითხოვენ, ცვლილება ამოქმედდეს უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი