ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში 13 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ

6 მაისი, 2015 • • 1018
სოხუმში 13 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ

როგორც გამოცემა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და გალის რაიონის მთავარ ექიმზე, გიორგი შონიაზე დაყრდნობით წერს, 13 წლის პაციენტი ირაკლი ცაავა გალის რაიონის სოფელ ხიაცხში თანდაყოლილი ანომალიის შედეგად დაიღუპა.

 

“ბავშვს მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა. დაბადებიდან სამ დღეში მას თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა. 2002 წლიდან თბილისსა და ზუგდიდში ბავშვთა ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამასთან, აფხაზეთში ცაავების ოჯახს ექიმებისთვის 2015 წლის 4 მაისამდე არ მიუმართავს. 

ოჯახმა ბრიგადა დილის 6:45-ზე გამოიძახა, გალის საავადმყოფოში ბავშვი დილის 7:30 საათზე შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ოპერატიულ მკურნალობას ბავშვი არ ექვემდებარებოდა. მშობლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, შვილი თბილისში გადაეყვანათ, თუმცა გზაში 11:55-ზე მისი მდგომარეობა დამძიმდა. რეანიმაციული ღონისძიებები 20 წუთის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერს აპსნიპრესი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

აფხაზეთში 13 წლის პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე გუშინ, 5 მაისს საქართველოს საგარეო უწყებამ ამის გამო შეშფოთება გამოთქვა. ქართული მხარის ცნობით, პაციენტის ოჯახი თბილისში ე.წ. პროპუსკის არქონის გამო არ გამოუშვეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი