ახალი ამბები

აგულაშვილი: ხუდონჰესის საკითხის გადაწყვეტისას ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზარალდეს

4 მაისი, 2015 • • 1208
აგულაშვილი: ხუდონჰესის საკითხის გადაწყვეტისას ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზარალდეს

“ამ ჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ არის ოპერატიულ რეჟიმში გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ამ გადაწყვეტილების და საკუთარი შეხედულების უფრო მდგრადი, მყარი შეხედულების ჩამოსაყალიბებლად მექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ყველა დაინეტერესებულ პირთან. ამ დროს გამოვიყენებ ზუსტად იმისათვის, რომ ვიპოვო საყრდენი დასაახლოებელი წერტილები. მინდა გითხრათ, შეუძლებელი არაფერია. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეთ და ქვეყნის ინტერესები არ ვაზარალოთ, რაც მთავარია. ორივე მხარის ინტერესების დაცვით, მათ დაუზიანებლად შეიძლება საქმე ვაკეთოთ”, – განუცხადა იმედის “ქრონიკას” გიგლა აგულაშვილმა.

 

სვანეთში, სოფელ ხაიშში მთავრობა ხუდონჰესის აშენებას უჭერს მხარს, რომლითაც ოფშორში დარეგისტრირებული კომპანა “ტრანს ელექტრიკაა” დაინტერესებული.

 

ჰესის მშენებლობას ხაიშელები ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობა არანაირი კომპენსაციის სანაცვლოდ არ აპირებს სოფლის დატოვებას. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ორასზე მეტმა მამაკაცმა ძველი რიტუალი აღასრულა და წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, არ დატოვონ ტაძარი, სასაფლაოები და ხაიშის მთები. ხაიშელების ცნობით, მესტიაში გამართული კონფერენციის შემდეგ ხატზე კიდევ ოცმა ადამიანმა დაიფიცა.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხუდონჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ იქნება. ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება -1.5 მლრდ კვტ.სთ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო მშენებლობა, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ვერც ერთი ნებართვა  ვერ მიიღო. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 111 შენიშვნის მიღების შემდეგ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ანგარიში.

გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი