ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილს ციხეში ტელევიზორი ჩამოართვეს

29 აპრილი, 2015 • • 950
ვანო მერაბიშვილს ციხეში ტელევიზორი ჩამოართვეს

როგორც ადვოკატმა ნეტგაზეთს განუცხადა, მერაბიშვილი ადმინისტრაციულ დარღვევაში დაადანაშაულეს ერთი თვის წინ, რის გამოც ტელევიზორი ჩამოართვეს. ადვოკატის განმარტებით, 8 მარტს “იმედის კვირის” ეთერით “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის მოწამლვას აპირებდა ციხეში, რის გამოყენებასაც პოლიტიკური მიზნებისთვის ეცდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილს საპატიმროში საკვებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა რამდენიმე საათის განმავლობაში, “რაზეც მან გამოთქვა პროტესტი, რაც ადმინისტრაციულ დარღვევად ჩაუთვალეს”.

 

ადვოკატი არ ფლობს ინფორმაცია, რა სახის საკვებზე შეეზღუდა მერაბიშვილს წვდომა- ახლობლების მიერ გარედან შეგზავნილზე თუ ციხის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულზე. იგი არც იმას ამბობს, რომ რა ფორმით გამოხატა პროტესტი მერაბიშვილმა.

 

ზემოხსენებული ცნობების გადასამოწმებლად ნეტგაზეთი სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსაურსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს შემდეგი:

 

“ვანო მერაბიშვილმა 2015 წლის 9 მარტს შეურაცხყოფა მიაყენა #9 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს, რის გამოც მას დაეკსირა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი. მას ჩამოერთვა კომპიუტერი და ტელევიზორი. მისმა ადვოკატმა აღნიშნული სახდელი გაასაჩივრა და მოსამართლის გადაწყვეტილებით მერაბიშვილის კომპიუტერით სარგებლობით უფლება მიეცა. დეპარტამენტმა მას კომპიუტერი დაუბრუნა, თუმცა ტელევიზორის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროში ამ დრომდე არ მოსულა.

 

რაც შეეხება ამანათებს, ირმა ინაშვილის განცხადების შემდეგ #9 დაწესებულების მსჯავრდებულებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავად მიმართეს ადმინისტრაციას ამანათების მიწოდების შეზღუდვის მოთხოვნით. ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა მოითხოვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მხოლოდ ოჯახის წევრებისგან გაგზავნილი ამანათები შეეტანათ. ამ მოთხოვნის საფუძველზე მერაბიშვილს დაუბრკოლებლად მიეწოდება ოჯახისგან გამოგზავნილი ამანათები და მისი კვება შეესაბამება კანონით დადგენილ კვების სტანდარტს”.

 

ნეტგაზეთმა სამინისტროს სთხოვა მერაბიშვილის წარმომადგენლების მიერ ამანათების შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაზეც გვიპასუხეს, რომ ეს პერსონალური მონაცემებია, რომელსაც მერაბიშვილის თანხმობის გარეშე ვერ გაასაჯაროებენ. უწყებაში არც სხვა იმ პატიმრების ვინაობას ასახელებენ, ვინც მათი თქმით, ამანათებზე შეზღუდვა მოითხოვეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი