ახალი ამბები

მზარდი მწვანე პროტესტი თბილისში

28 აპრილი, 2015 • • 1687
მზარდი მწვანე პროტესტი თბილისში

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან დღეს აქტივისტებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ხეების ჭრა თბილისში. 28 აპრილის აქცია თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე “არქი ჯგუფის” მიერ საცხოვრებელი სახლის აშენების გამო 12 ხის მოჭრას მოჰყვა, თუმცა აქციის მონაწილეები საუბრობენ იმაზე, რომ თბილისში ხეების ჩეხვა და მშენებლობები ქაოსურად მიმდინარეობს.

 

აქციის მონაწილე ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ ქალაქის მერია არაფერს აკეთებს თბილისის მწვანე საფარის შენარჩენებისთვის და მერის დაპირებული მილიონი ხე ფარსია იმ ფონზე, როდესაც არსებული ხეები იჭრება.

 

“ბევრგან მოიჭრა ხეები, მაგრამ ეს ბოლო შემთხვევა მაგალთია იმ მძიმე მდგომარეობის, სრული ქაოსის, რაც თბილისში გვაქვს გამწვანებული ტერიტორიების და ზოგადად საჯარო სივრცეების დაცვის მხრივ. ქალაქში მიმდინარეობს მშენებლობები, პარკებში იჭრება ხეები, საშინელ დღეშია ტროტუარები, სადაც ფეხით გავლა უკვე შეუძლებელია. ქალაქის ხელისუფლება უბრალოდ არ იმჩნევს ამ პრობლემებს”, – ამბობს ურუშაძე.

 

ერეკლე ურუშაძის ტქმით, აქციები გაგრძელდება და ისინი მუდმივად შეახსენებენ თბილისის ხელისუფლებას ამ პრობლემებს. იგი ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და უახლოეს მომავალში საკრებულოსა და მერიასთან უფრო მეტი ადამიანი მივა.

 

გარემოს დამცველს ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს მზარდი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც თბილისში არსებული პრობლემების გასაპროტესტებლად გამოდიან.

 

იგი იხსენებს, რომ 2012 წელს, კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის მშენებელობისას ხეების მოჭრას მოჰყვა პროტესტი, თუმცა ხეები მაინც მოიჭრა, რადგან მაშინ არ იყო ისეთი ძლიერი მოძრაობა, როგორიც დღესაა.

 

“კიკვიძის პარკში დიდი ხნის წინ იყო, მაშინ არ იყო ასეთი ძლიერი მოძრაობა. შედეგი ის არის, რომ ადამიანების ცნობიერება გაიზარდა და ისინი გამოდიან და აპროტეტსებენ, ნელ-ნელა მატულობს უკმაყოფილება და ადამიანების რიცხვი”, – ამბობს ურუშაძე.

 

აქტივისტი მარიამ ქიქოძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მდინარე ვერე მოაქციეს მილებში, მერიამ დადო პირობა, რომ მაგისტრალის გარშემო ტერიტორია გამწვანდებოდა, თუმცა პირობა არ შესრულდა.

მას მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროტესტს, რადგან “აზრი არის თავად ბრძოლაში და დინამიკაში”.

პარტიზანული მებაღეობის წევრი თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე. 28.04.2015
პარტიზანული მებაღეობის წევრი თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე. 28.04.2015

ნათია მიქელაძე ამბობს, რომ აქტივიზმის ყველაზე დიდი მიღწევა დღეს ვაკის პარკია, სადაც წინააღმდეგობით იმას მიაღწიეს, რომ ინვესტორმა მშენებლობა შეაჩერა.

 

“დიდი შედეგია თუნდაც ის, რომ ვაკის პარკში არაფერი არ აშენდა. ეს უკვე ძალიან დიდი შედეგია. წელიწადნახევარი გამოდის, რომ ეს ადგილი.., აქამდე იდგებოდა შენობა, რომ არ ყოფილიყო ის მოძრაობა. ყოველ შემთხვევაში აქამდე იდგებოდა იქ რაღაცა, რომ არ ყოფილიყო ეს მოძრაობა. პატარ-პატარა შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არ დაიწყო ნელ-ნელა სამოქალაქო საზოგადოების გამოფხიზლება. თუ არ იქნება აქტივობა, უკვე წვეთ-წვეთ ადამიანში იღვიძებს შემეცნება იმისა, რომ ეს ქალაქი ჩვენია და ხმა უნდა ამოვიღოთ”, – ამბობს ნათია მიქელაძე.

ვაკის პარკში მოქალაქეების პროტესტის მთელი სერია მოჰყვა სასტუმრო ბუდაპეშტის ადგილას ახალი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას. ინვესტორმა მშენებლობისთვის საძირკველი გათხარა, თუმცა მოქალაქეების ნაწილმა მშენებლობას ბოიკოტი გამოუცხადა.

 

2013 წელს შექნილმა გაერთიანებამ “პარტიზანულმა მებაღეობამ თბილისში” მშენებლობის მიმდებარედ პერმანენტული აქციები გამართა. დადგეს კარავი და უქმეებზე მართავდნენ სხვადასვა აქტივობებს. დღეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა არაა შეწყვეტილი.

 

“პარტიზანულმა მებაღეობამ” 2014 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მერიასთან ის კარავი მიიტანეს, რომელიც ვაკის პარკში იდგა და შეახსენეს ის წინასაარჩევნო დაპირებები, როდესაც მერია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას პირდებოდა. მაშინ პარტიზანული მებაღეობის წევრები მერიის საქმიანობით უკმაყოფილონი იყვნენ, დღეს კი მათი პროტესტი გრძელდება.

 

“პარტიზანული მებაღეობის” წევრი ნიკა დავითაშვილი ამბობს, იმის მიუხედავად, რომ მთავრობა ნაკლებად ინტერესდება თბილისში ეკოლოგიური პორბლემების მოგვარებით, მასზეც ახდენს გავლენას მზარდი პროტესტი:

 

“ადამიანებში გაიზარდა შეგნება, მიხვდნენ იმას, რომ [მწვანე საფარი] საჭირო არის მათი ჯანმრთელობისთვის. ეს უკვე საქმეა. გავლენა გარკვეულწილად აქვს თუნდაც იმიტომ, რომ ნარმანია მილიონ ხეს პირდება, მაგრამ სინამდვილეში არაფერს არ აკეთებს, რაც რეალურად გამოასწორებს სიტუაციას. ამიტომ ჩვენს იმედზე უნდა ვიყოთ და არა მთავრობის და მერიების”.

 

“პარტიზანული მებაღეობის” წევრები იპოდრომის ტერიტორიაზე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე აქციის გამართვას ხუთაშაბათს კვლავ აპირებენ. ნიკა დავითაშვილის თქმით, მათ ადგილობრივი მცხოვრებლებიც შეუერთდებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ  ხეების ჭრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი