ახალი ამბები

თბილისის მერია ხელშეკრულების შეცვლაზე “სითი პარკთან” მოლაპარაკებას იწყებს

28 აპრილი, 2015 • • 1521
თბილისის მერია ხელშეკრულების შეცვლაზე “სითი პარკთან” მოლაპარაკებას იწყებს

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე მერია ხელშეკრულებაში 4 ძირითადი ცვლილების შეტანის საკითხს დააყენებს:


1. შეეზღუდოს „სითი პარკს“ ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არასწორად გაჩერებული მანქანა მოძრაობას ხელს არ უშლის. კომპანიას ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ მოძრაობას შეაფერხებს;


2. შეიცვალოს შემოსავლების უთანასწორო განაწილების წესი, რომელიც წლების განმავლობაში დედაქალაქს შემოსავალს აკარგვინებდა. აღნიშნული ცვლილება თბილისის ბიუჯეტს დამატებით თანხებს გაუჩენს, რითაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდება;


3. შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, რაც ქვეითად მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, თბილისის მერია აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთათვის დედაქალაქში პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით;


4. გაუქმდეს ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც წლების განმავლობაში „სითი პარკს“ პარკირების მოწყობისა და ადმინისტრირების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. აღნიშნული ცვლილება ბაზარზე სხვა კომპანიების გაჩენის შესაძლებლობას შექმნის, კონკურენტული გარემო კი აღნიშნულ სფეროში სერვისს გააუმჯობესებს.

 

რაც შეეხება კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტას, ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მერიას კოლოსალური ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც ხელშეკრულების შესწავლის შემდეგ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ – „Ernst & Young“-მაც დაადასტურა.


ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, თბილისის მერიას „სითი პარკისთვის“ არანაკლებ 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრება, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

 

“იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხრივ კი, არ იზარალოს ქალაქმა, თბილისის მერია უახლოეს დღეებში კომპანიასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ხოლო მიღწეულ შეთანხმებებს გაასაჯაროებს. ვინაიდან საკითხი დელიკატურია, თბილისის მერია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში. დედაქალაქის მერია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისელთა ინტერესი სახეცვლილ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული” – აცხადებენ თბილისის მერიაში. 

 

თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან კომპანია შპს „სი-ტი პარკი“ არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება.

 

2007 წლის 9 ნოემბერს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა.

 

აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს. ამავე წლის 7 დეკემბერს თბილისის მთავრობასა და „სი-ტი პარკს“ შორის ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი