კომენტარი

გზა უვიზო მიმოსვლამდე შენგენის ქვეყნებში

23 მარტი, 2015 • 1492
გზა უვიზო მიმოსვლამდე შენგენის ქვეყნებში

 

 

რიგის სამიტზე, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით, ამ დრომდე გაწეულ სამუშაოს ერთგვარად შეაფასებენ. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სამიტს მხოლოდ შეფასებითი ხასიათი არ იქნება და მას საქართველოსთვის კონკრეტული შედეგები მოჰყვება: საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ, ევროკომისიის დადებითი დასკნა ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე.


ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის 25 თებერვალს გადმოეცა და მასში განსაზღვრულია ის რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიღებასაც ევროკავშირი საქართველოს სთხოვდა უვიზო მიმოსვლაზე გადასვლის სანაცვლოდ. პირველ ეტაპზე საქართველოსგან ევროკავშირი შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას ითხოვდა, ხოლო მეორე ეტაპზე – მათ აღსრულებას.


სწორედ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გახდა წინაპირობა ისეთი კანონმდებლობის მიღების, როგორიც იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საკანომდებლო ბაზის შექმნა-დახვეწა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის ჩამოყალიბება, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება, მიგრაციის სტრატეგიისა და ქვეყნის მიგრაციის პროფილის მომზადება-განახლება და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება.


საქართველომ გასული წლის ბოლოს დაასრულა პირველი ფაზით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შედეგად, ევროკავშირის შემფასებელმა მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დროს გაწეული სამუშაო და მწვანე შუქი აუნთო მეორე ფაზის დაწყებას.


მეორე ფაზის (მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულება) მიმდინარეობისას საქართველოს ევროკომისიის რამდენიმე მისია სტუმრობდა. ბოლო ვიზიტი ორი კვირის წინ შედგა და წინასწარი მონაცემებით, საერთო ჯამში, პროგრესი ნიშანდობლივია.


საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, ევროკომისია რიგის სამიტზე დადებით რეკომენდაციას წარუდგენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მათ უნდა მიიღონ. თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო გადაადგილებას მაისიდანვე შეძლებენ. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყნის თანხმობაა საჭირო; ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის (განსაკუთრებით ეს მის ძველ წევრ ქვეყნებს ეხება) ჯერაც არ არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, უნდა მოეხსნას თუ არა სავიზო მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებს. დადებითი რეკომენდაციის შემდგომ პროცესი შეიძლება პირობითად რვა ეტაპად დაიყოს და ის ასე გამოიყურება:


პირველი ეტაპი: ევროკომისია იწყებს მინისტრთა საბჭოს რეგულაციაში # 539/2001 (რომელიც პირობითად ორ ნაწილად ჰყოფს არაევროკავშირის ქვეყნებს. პირველ ჯგუფში შედიან ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც ესაჭიროებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად, მეორეში კი ისინი, ვისთვისაც მსგავსი მოთხოვნა არ არის. საქართველო ამ ეტაპზე პირველ ჯგუფში შედის) შესატანი ცვლილების მომზადების შიდა პროცედურას და საკითხს ათანხმებს შენგენის ზონის მონაწილე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. 


მეორე ეტაპი: ცვლილებები ითარგმნება ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე;


მესამე ეტაპი: 28 ევროკომისარი განიხილავს ცვლილებებს და მხარს უჭერს მას.

 

მეოთხე ეტაპი: ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, კენჭი უყაროს საბჭოს რეგულაციაში # 539/2001 ცვლილების შეტანის საკითხს და საქართველოს.


მეხუთე ეტაპი: ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე, პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.


მეექვსე ეტაპი: მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას):


საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.


მეშვიდე ეტაპი: გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

 

მერვე ეტაპი: გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.


ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.


ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რა დროს წაიღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, არ არსებობს. მოლდოვა პირველია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, რომელმაც ეს პროცესი წარმატებით დაასრულა – მისი მოქალაქეები გასული წლის 28 აპრილიდან შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან. მოლდოვის შემთხვევაში დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასრულებას და მის ძალაში შესვლას დაახლოებით 6 თვე დასჭირდა.

 

სტატია იბეჭდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის”დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია NED-ი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი