ეკონომიკა

დავით მირცხულავა: “ტრანსლექტრიკა ჯორჯია” ოფშორიდან გამოვა

17 თებერვალი, 2015 • • 2305
დავით მირცხულავა: “ტრანსლექტრიკა ჯორჯია” ოფშორიდან გამოვა

მირცხულავას ინფორმაციით, საქართველოში სამი კვირის წინ ჩამოვიდნენ ინვესტორები და ვიცეპრემიერს “ხუდონჰესის” პროექტის მემორანდუმის საკითხზე შეხვდნენ:

 

“ყველა თემაზე იყო მოლაპარაკება. ველოდებით მათგან, როდის დაინიშნება დღე, როცა ხელი მოეწერება მემორანდუმში შეტანილ ცვლილებებს.” 

 

დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ “ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” ოფშორიდან არაოფშორულ იურსდიქციაში გადასვლის შესახებ:

 

“ეს იყო მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან აგვეცილებინა ორმაგი დაბეგვრა, რაც პროექტს გააძვირებდა. ახლა მოძებნილი იქნება ისეთი ევროპული ქვეყანა, ვისთანაც არ არის ეს ორმაგი დაბეგვრის მექანიზმი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ “ხუდონჰესი” მთელ ენერგიას საქართველოში დატოვებს. ეს იქნება 15 წლის განმავლობაში. ეხლა ველოდებით მათ წინადადებას. ძირეული მოთხოვნები, რაც იყო ენერგეტიკის სამინისტროსგან, ის ყველა იყო გათვალისწინებული. საერთო პოზიციებზე მივიდნენ ინვესტორები და ენერგეტიკის სამინისტრო. 2 აგვისტოს დაიწყო მოლაპარაკებები და ახლა დასრულდა.”  

 

საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში 2014 წლის ოქტომბერში  განაცხადა, რომ თუ “ტრანს ელექტრიკა” სამინისტროს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, შესაძლოა “ხუდონჰესის” პროექტი სახელმწიფოს განეხორციელებინა:

 

“ჩვენ მოვთხოვეთ მათ წარმოადგინონ დამფუძნებლების სია. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. არ უნდა იყოს კომპანია ოფშორში დარეგისტრირებული. თუ “ტრანს ელექტრიკამ” ვერ წარმოადგინა დამფუძნებლების სია და საბანკო გარანტია, არ გამოვრიცხავ, რომ “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელება სახელმწიფომ იკისროს. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს.”

 

“სახელმწიფო ასეთ მასშტაბურ პროექტს მარტო ვერ განახორციელებს. მთვარობამ უნდა მოძებნოს ისეთი მოდელი, რომ ხელი შეუწყოს ამ პროექტის იმპლემენტაციას. ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში” -აცხადებს დავით მირცხულავა.  

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ჰესების მშენებლობა დასაშვებად იიჩნია, თუკი ამას ექსპერტების კვლევის შედეგები გაამართლებდა. სწორედ ამ ექსპერტების კვლევის შედეგებმა აუნთო მწვანე შუქი ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორს, რომელსაც ოფშორებში დარეგისტრირებული ინდური კომპანია “ტრანს ელექტრიკა” წარმოადგენს.

 

ინვესტორს რამდენჯერმე ჰქონდა მოლაპარაკების მცდელობა ხაიშელებთან, თუმცა მოსახლეობა არანაირი კომპენსაციის სანაცვლოდ არ აპირებს სოფლის დატოვებას. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ორასზე მეტმა მამაკაცმა ძველი რიტუალი აღასრულა და წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, არ დატოვონ ტაძარი, სასაფლაოები და ხაიშის მთები. ხაიშელების ცნობით, მესტიაში გამართული კონფერენციის შემდეგ ხატზე კიდევ ოცმა ადამიანმა დაიფიცა.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხუდონჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ იქნება. ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება -1.5 მლრდ კვტ.სთ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო მშენებლობა, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ვერც ერთი ნებართვა  ვერ მიიღო. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 111 შენიშვნის მიღების შემდეგ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ანგარიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი