ეკონომიკა

რატომ შეუჩერა “მაგთიკომმა” კორპორატიულ აბონენტებს მომსახურება

4 თებერვალი, 2015 • • 1529
რატომ შეუჩერა “მაგთიკომმა” კორპორატიულ აბონენტებს მომსახურება

ამ შინაარსის კომენტარები სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. “მაგთის” კორპორტიული მომხმარებლები წერდნენ, რომ კომპანიამ სერვისი მოულოდნელად შეუჩერა, შეუწყდათ ინტერნეტის მიწოდება და ანგარიშზე თანხა გაუნულდათ. 

 

“ნეტგაზეთთან” საუბარში საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი ამბობს, რომ კომპანიამ სერვისის შეჩერების შესახებ აბობონენტები არ გააფრთხილა:”ყველა მაგთის აბონენტს, კორპორატიულისაც, ჯერ ჩამოგვაჭრეს ნაყიდი გიგაბაიტები და ორი დღის მერე მოვიდა ტექსტური შეტყობინება გაფრთხილებაზე. შეგნებულად გაკეთდა, რომ ამხელა თანხები ,,შეეწერათ” აბონენტებისათვის. ხალხი მინუსებშიც გადავიდა. ეს მარტო პარლამენტის კი არა, “მაგთის” ყველა კორპორატიულ აბონენტს ასე მოექცნენ. შეგიძლიათ სცადოთ დარეკვა ოპერატორთან, დამიჯერეთ, ვერაფერს გიპასუხებთ კომპეტენტურად”. 


“მეგაბაიტები მქონდა ნაყიდი და განულდა ყველა. ავტომატურზე მქონდა დაყენებული და რამდენჯერმე ჩამომეჭრა. სხვადასხვა თანხები ჩამოგვეჭრა ყველას. ეს ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა კომპანიის მხრიდან. არანაისი სმსი არავისთან არ მოსულა გაფრთხილებაზე, სანამ არ გაგვინულდა. ჯერ გაგვინულდა და მხოლოდ გუშინ დაგზავნეს სმსი” – აცხადებს “ნეტგაზეთთან”  “მაგთიკომის” კორპორატიული აბონენტი. 

 

კომპანია “მაგთიკომში” აცხადებენ, რომ კორპორატიულმა აბონენტებმა მომსახურების სერვისის შეჩერების შესახებ იცოდნენ. კომპანიამ “ნეტგაზეთს” ასეთი შინაარსის განცხადება მიაწოდა: 

 

“2015 წლის 31 იანვარს, 2014-2015 წლების სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა ამოიწურა, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მომსახურება გაუქმდა. 2014-2015 წლის სატენდერო ხელშეკრულების პირობებით აბონენტები სარგებლობდნენ როგორც კორპორაციული, ასევე პირადი ანგარიშებიდან, ამიტომ ორივე შემთხვევაში გაუქმდა შეძენილი პაკეტები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა გათვალისწინებული იყო როგორც ხელშეკრულების პირობებით, ასევე, ზოგადად სატენდერო დოკუმენტაციით, რომელიც მომხმარებლებისთვის(ორგანიზაციებისთვის) ცნობილი იყო” – აცხადებენ კომპანიაში.  

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ  წინასწარი გადახდის პრინციპი გულისხმობს იმას,  რომ აბონენტი თვითონ განსაზღვრავს, თუ რა ოდენობის მომსახურება სურს მიიღოს: “ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტით გაუქმდა სააბონენტო ნომერზე არსებული ერთეულები.”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი