ახალი ამბები

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია “ბათუმელების” სტატიას ეხმაურება

17 დეკემბერი, 2014 • • 1399
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია “ბათუმელების” სტატიას ეხმაურება

“გაზეთ “ბათუმელების” 8-14 დეკემბრის ნომერში და ნეტგაზეთში გამოქვეყნებული სტატიებისა და 14 დეკემბერს ტელეარხ რუსთავი 2 -ის გადაცემა P.S -ში გასული რეპორტაჟის პასუხად ვაცხადებთ:

1. გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა და არ შეესაბამება სინამდვილეს;

2. საკითხი ცალმხრივად და მიკერძოებით არის გაშუქებული;

3. ფაქტები ცილისმწამებლურია და უარგუმენტო, ძალადობრივი (ფსიქიკური ზეწოლის – რაც შეიძლება გამოიხატებოდეს დაპირებაში, დაყოლიებაში და ა.შ არასრულწლოვნებისა და მცირეწლოვნების მიმართ; არც ერთ შემთხვევაში აღსაზრდელის გვერდით არ მდგარა არც მშობელი, არც პედაგოგი და არც კანონიერი წარმომადგენელი, რაც მიგვაჩნია კანონის უხეშ დარღვევად) გზით მოპოვებული;


4. გამოქვეყნებული მასალა ლახავს აღმზრდელთა, აღსაზრდელთა და მათი მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) ინტერესებს, უხეშად არღვევს მათ უფლებებს.

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ დაუსაბუთებელი, პროვოკაციული და არაკომპეტენტური ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება ცრუმოწმეებისა და ცრუფაქტების გამოყენებით, უპრველეს ყოვლისა, მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ზოგადად საზოგადოებაში მისი ავტორიტეტის შელახვასა და დისკრედიტაციას.

P.S. ჟურნალისტები არც ერთ ზემოთხსენებულ შემთხვევაში არ დაინტერესებულან ჩვენს ხელთ არსებული მასალებით, რაც მიგვანიშნებს მათ მიკერძოებულობაზე, კერძოდ:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობით 000007, რომელიც ნებას აძლევს ა(ა)იპ ,,ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი”-ს განახორციელოს მცირეწლოვნებისა და არასრულწლოვნების აღზრდა და განათლება; 

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 19 თებერვლის 01/13957 წერილით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისადმი, კერძოდ მეუფე დიმიტრისადმი, რომლითაც დგინდება – დასკვნა “მომსახურებას ჰყავს პროფესიანალი, მაღალკვალიფიციური კადრი, რომელიც ართმევს თავის დაკისრებულ მოვალეობებს, თანამშრომლებს შორის არის გუნდური და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული მუშაობა”.

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას და ჩვენი კარი ღიაა ყველა კომპეტენტური და უფლებამოსილი პირისათვის თუ ორგანოსთვის, რომელსაც ექნება სურვილი იმისა, რომ შეამოწმოს ყოველმხრივ ა(ა)იპ “ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდთთან” არსებული სასწავლო დაწესებულება”.


“გაზეთი ბათუმელები” და “ნეტგაზეთი” სრულად იღებს პასუხისმგებლობას გამოქვეყნებულ სტატიაზე. წარმოდგენილი სტატიის ავტორი და ამ გამოცემების რედაქტორები არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები, შესაბამისად, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას შეუძლია მიმართოს ქარტიის საბჭოს შესაბამისი განცხადებით, თუკი აქვს პრეტენზიები აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით, ასევე, მას შეუძლია იდავოს სასამართლოში.


რაც შეეხება პრეტენზიას მასალის ცალმხრივად გაშუქების თაობაზე, პანსიონის სასწავლო ნაწილის გამგე, მღვდელი იოანე სიჭინავა „ბათუმელებთან“ საუბარში განმარტავს: „ეს არის დახურული დაწესებულება და ინფორმაციაც არის დახურული, ამიტომ ამის გასაჯაროებას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ. ჩვენ მშობელთან გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა და თუ რამე პრობლემა არის, დედასთან ერთად შეგვიძლია ამის გადაწყვეტა. ვფიქრობ, კომენტარს ვერ გავაკეთებ“. ეს კომენტარი წარმოდგენილ სტატიაში გამოქვეყნებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი