ახალი ამბები

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ საყდრისის საკითხზე დეტალებს ილია მეორეს გააცნობს

14 დეკემბერი, 2014 • • 1600
კულტურის მინისტრი ამბობს, რომ საყდრისის საკითხზე დეტალებს ილია მეორეს გააცნობს

“ჩემთვის უწმინდესის აზრს ძალიან დიდი მნინელობა ქვს და მას აუცილებლად გავაცნობ ამ საქმის დეტალებს და რის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემდეგ რის საფუძველზეც გამოიცა ჩემი ბრძანება. ეს გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო კანონის ყველა პროცედურის სრული დაცვით, მის ხელთ არსებული დოკუმენტებზე დაყრდნობითა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. დოკუმენტური მასალები გახლავთ გეოლოგიური დასკვნები, რომელიც გააჩნია საბჭოს. ეს საკითხი გატანილი იყო ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოზე და იქ იყო განხილული”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. 

 

კულტურის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვისას “არც რაიმე სახის პროტესტი, არც რაიმე სახის ალტერნატივა შემოთავაზებული არ იყო”. მინისტრმა აღნიშნა, რომ საყდრისთან დაკაშირებით მას ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ მიუღია. 

 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრობის კანდიდატი
მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრობის კანდიდატი

მასალების გადაბეჭდვის წესი