ახალი ამბები

გაფიცული რკინიგზელების განცხადებით, ადმინისტრაციას მემანქანეები სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავს

2 დეკემბერი, 2014 • • 1279
გაფიცული რკინიგზელების განცხადებით, ადმინისტრაციას მემანქანეები სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავს

გაფიცული კახა კახაძე ამბობს, რომ რკინიგზის ადმინისტრაციამ, იმის გამო, რომ არ ჰყავდათ საკმარისი მუშახელი, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან მემანქანეები ჩამოიყავანა. კახაძე ამბობს, რომ გუშინ თავად ნახა აზერბაიჯანიდან ჩამოყვანილი 24 მემანქანე.

“ჩამოყვანილ ბრიგადებს მივლინების ფულსაც და მეტს უხდიან, ვიდრე ქართველ მემანქანეებს უხდიან და პრინციპულად იმიჯის შელახვად თვლიან, რომ ხალხს მოუსმინონ”, – ამბობს კახაძე.

 

მოლაპარაკებები, რომელიც გაფიცულებსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა, ვერ შედგა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტი ილია ლეჟავა ამბობს, რომ რკინიგზის ადმინისტრაციამ, გაფიცულებთან მოლაპარაკებების მიუხედავად, ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება ბრძანების სახით გამოაქვეყნა.  

 

“საბოტაჟი იკვეთება რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან, რადგან მოტყუება სცადა პროფკავშირის. მიაწოდა ერთი დოკუმენტი ხელმოსაწერად და ბრძანების სახით გამოსცა მეორე და, შესაბანისად, რკინიგზელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გაფიცვა არ შეწყდა და გრძელდება”, – გვითხრა ლეჟავამ.

 

ლეჟავას თქმით, გაფიცვები გრძელდება თბილისში, ხაშურში, ბათუმში, სამტრედიაში, ზესტაფონში, გურჯაანში.

 

საქართველოს რკინიგზამ დოკუმენტი გუშინ გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ თანამშრომლებს წლის ბოლოს მისცემენ ხელფასის 50%-ის ოდენობით, ასევე, ანაზღაურებას მიიღებენ კლასებისა და თანრიგის მიხედვით.

 

კახა კახაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მთავარი, რაც არ მოსწონს დოკუმენტში, ისაა, რომ რკინიგზაში დასაქმებული ყველა პროფესიის მქონე ადამიანისთვის ხელფასის მომატებას არ ითვალისწინებს, “რაც წინასწარ ჩადებული ნაღმია”.

 

“[ხელფასი არ მოემატება] ინფრასტრუქტურას, მელიანდაგეს, ენერგომომარაგებას. რკინიგზაში არის 1300 პროფესია”, – ამბობს კახაძე.

 

კახაძე ასევე ამბობს, რომ ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ახალი წლის 50%-იანი პრემია არავითარ შედეგს არ გამოიღებს, რადგან ისინი 7 დღეა გაფიცული არიან, რასაც რკინიგზის ადმინისტრცია არ აანაზღაურებს.

 

რკინიგზის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ამბობს, რომ კომპანიები გაფიცულ დღეებს არსად არ ანაზღაურებენ.

 

“დედამიწაზე არსად არ ხდება გაფიცული დღეების ანაზღაურება. კეთილი ინებოს პროფკავშირმა და დაუფაროს ეს გაფიცვა”, – ამბობს ცაგურია.

 

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა

მასალების გადაბეჭდვის წესი