ახალი ამბები

დავით დონდუა: აფხაზეთის “შეთანხმებაზე” უცხოელი პარტნიორების რეაქცია ზედმეტად მშვიდი იყო

1 დეკემბერი, 2014 • • 1029
დავით დონდუა: აფხაზეთის “შეთანხმებაზე” უცხოელი პარტნიორების რეაქცია ზედმეტად მშვიდი იყო

მისი თქმით,  ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუვალებია გაეროში თავისი მისიისთვის უშიშროების საბჭოზე რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულების საკითხის განხილვის მოთხოვნა.

 

“მინდა განვმარტო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების შეთავაზებისთანავე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ამ საკითხს მისცემოდა ფართო საერთაშორისო რეზონანსი. ინფორმაცია ოქტომბერ-ნოემბერში გაწეული მუშაობის თაობაზე განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე და დაინტერესებულთ შეუძლიათ მისი ნახვა”, – წერს დონდუა ფეისბუკზე და დასძენს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის დაყენებისათვის მხოლოდ ოფიციალური მიმართვის გაკეთება არ არის საკმარისი.

 

“თუ საკითხი წინასწარ არ იქნა სათანადოდ მომზადებული, ოფიციალურ მიმართვას მოყვება ოფიციალური უარი და ხელმეორედ ამ თემის წამოწევა ვეღარ მოხერხდება. ისიც გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენს ემოციებს გვერდზე გადავდებთ, ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერა, გაეროს მასშტაბებით, საბედნიეროდ არ არის იმ რეზონანსის მოვლენა, რომ უშიშროების საბჭო შეიკრიბოს პირველივე მოთხოვნისთანავე. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების პირველადი რეაქცია ამ მოვლენაზე იყო ზედმეტად მშვიდი და არაალარმისტული. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახოთ ამ მოვლენის სიმწვავე და ის სახიფათო შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს მის წაყრუებას. კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც გაეროში უშიშროების საბჭოს მუმდმივი და არამუდმივი წევრების დელეგაციებთან, ისე თბილისში მათ საელჩოებთან და შესაბამის დედაქალაქებში.

გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგს. ნუ დაგვავიწყდება, რომ “მოპასუხე” იქნება რუსეთის ფედერაცია, რომელსაც გაეროში მუშაობის და მისთვის სასურველი საკითხების ლობირების უდიდესი გამოცდილება აქვს, მაშინ, როცა საქართვლოსთვის ეს არის პირველი მცდელობა უშიშროების საბჭოზე გაიტანოს თავისი საკითხი. 

ასე რომ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და ოფიციალურ მოთხოვნას გავაკეთებთ მაშინ, როცა საკითხი სათანადოდ მომზადდება. აჟიტირება და ამ პროცესის ზედმეტი პოლიტიზება კი მხოლოდ ხელს შეუშლის სასურველი შედეგის მიღწევას”, – წერს დონდუა ფეისბუკზე.


დავით დონდუა/ფოტო: თურქეთში საქართველოს საელჩოს პრესსამსახური
დავით დონდუა/ფოტო: თურქეთში საქართველოს საელჩოს პრესსამსახური



მასალების გადაბეჭდვის წესი